ევროკავშირში შესაძლოა, ამალგამის სტომატოლოგიური ბჟენი აიკრძალოს

ევროკომისია 2025 წლიდან ევროკავშირში კბილის ვერცხლისწყლის შემცველი ამალგამის სტომატოლოგიური ბჟენის სრული აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ამით ევროკომისიას სურს, მოქალაქეები და გარემო ამ ნივთიერების მავნე ზემოქმედებისგან დაიცვას. კერძოდ, აკრძალვა ევროკავშირის ქვეყნებში წელიწადში 40 ტონა ვერცხლისწყლის შეტანას ხელს შეუშლის.

ამასთან, ევროკომისია ვერცხლისწყლის ნათურების წარმოების, იმპორტისა და ექსპორტის მთლიან შეწვეტას მოითხოვს. ევროკომისიას წარმოების დახურვა, ნათურების სახეობის მიხედვით, 2026-2028 წლებში სურს.

ვერცხლისწყალი მეტად ტოქსიკურია და მისმა ჩასუნთქვამ შესაძლოა, ტვინის, ფილტვების, თირკმელების, ასევე, იმუნური სისტემის მუდმივი დაზიანება გამოიწვიოს. ამასთან, გარემოში, მაგალითად, ნაგავში მოხვედრით ის ცოცხალ ორგანიზმებში, ძირითადად, თევზებში გროვდება და კვების მთელ ჯაჭვში ვრცელდება.

აკრძალვის ძალაში შესვლისთვის ის ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ