თბილისის რომელ უბანში რა ღირს ბინები - ფასები წლიურად თითქმის 11%-ით გაიზარდა

2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.1 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 28.8 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (3.4 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.6 პროცენტი). ასევე 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 10.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2 პროცენტით.

„საქსტატის“ მონაცემებითვე, 2023 წლის მე-2 კვარტალში ბინების ღირებულება (1კვ.მ) დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შემდეგი იყო:

  • მთაწმინდა - 5 167 ლარი;
  • ვაკე - 4 404 ლარი;
  • კრწანისი - 3 417 ლარი;
  • საბურთალო - 3 397 ლარი;
  • ჩუღურეთი - 3 284 ლარი;
  • დიდუბე - 3 131 ლარი;
  • ნაძალადევი - 3 006 ლარი;
  • ისანი - 2 917 ლარი;
  • გლდანი - 2 891 ლარი;
  • სამგორი - 2 718 ლარი.
თაია არდოტელი