თბილისის სსიპ-ებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 2.3 მლნ ლარით, ხოლო ა(ა)იპ-ებში 8.1 მლნ-ით გაიზარდა - IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (idfi) მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსებისა და ბიუროკრატიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

მათი ცნობით, ბოლო წლებში, მუნიციპალიტეტების მიერ დაარსებულ იურიდიულ პირებში მიმდინარე პროცესების შესახებ არაერთი კვლევა ჩატარებულა, რომლებიც ბიუროკრატიული აპარატის გამოწვევებზე მიუთითებენ.

„მაგალითად, როგორც IDFI-ის, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიშები აჩვენებდა, რომ მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში სტაბილურად მზარდი იყო დასაქმებულთა რაოდენობა და შესაბამისად, მათი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები. ასევე წლების განმავლობაში იზრდებოდა ა(ა)იპ-ების რაოდენობა და დაფინანსების მოცულობა, რაც შესაბამისად ზრდიდა მათ როლს თვითმმართველობების საქმიანობაში.

მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ განკარგული საბიუჯეტო სახსრების ზრდასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა მათი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტების უმრავლესობა საბიუჯეტო დოკუმენტაციაში თუ მის მიღმა, ვერ უზრუნველყოფენ მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ განკარგული ფინანსების გამჭვირვალობას,“-აღნიშნულია კვლევაში.

დოკუმენტში მათ შორის, საუბარია თბილისის სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შესახებ მონაცემებზე. როგორც კვლევიდან ირკვევა, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, თბილისის სსიპ-ების მიღებული დაფინანსება 50 მილიონი ლარით, ხოლო ა(ა)პი-ების დაფინანსება 30 მილიონი ლარით გაიზარდა. ამასთან, სსიპ-ებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯები 20%-ით (+2,3 მილიონი ლარი), ხოლო ა(ა)იპ-ების 23%-ით (+8.1 მილიონი) გაიზარდა.

„2022 წელს თბილისის ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 4 894 თანამშრომელი (შტატგარეშეების ჩათვლით), რომელთა შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 55.1 მილიონი ლარი. 2016 წლის შემდეგ, ქალაქ თბილისის ა(ა)იპ-ების რიცხვი 79-დან 71-მდე შემცირდა, თუმცა დასაქმებულთა რიცხვი 3 684-დან 4 894-მდე გაიზარდა.

თბილისის ა(ა)იპ-ებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო შრომის ანაზღაურებაა (3 395 ლარი) ა(ა)იპ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქში“, სადაც დასაქმებული 11 თანამშრომელიდან 9 მენეჯერულ პოზიციაზეა. ასევე, ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდში (2 990), სადაც ფონდის დირექტორს ჰყავს 5 მოადგილე და 4 მრჩეველი.

თბილისის ა(ა)იპ-ებში სახელფასო სისტემა არაერთგვაროვანია. მაგალითად, ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს 58 თანამშრომელზე, დაახლოებით იგივე ოდენობის ანაზღაურება გაიცა, რაც თბილისის ზოოლოგიური პარკის 143 თანამშრომელზე; მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს 365 თანამშრომელზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი შრომის ანაზღაურება გაიცა, ვიდრე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 353 თანამშრომელზე,“- აღნიშნულია IDFI-ს კვლევაში.

თაია არდოტელი