ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა გარდაუვალია?!

ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ კამათი საქართველოში წლებია, არ ცხრება. უფრო მეტიც, ქართველ პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო დაპირებებს შორის ტარიფების შემცირებას საპატიო ადგილი უკავია. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიამ" მარეგულირებელ კომისიას ტარიფის გადახედვის თხოვნით მიმართა. ბუნებრივია, ამ ინფორმაციამ ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ეს კომპანია რეგიონებში ათასობით აბონენტს ემსახურება. არსებული ინფორმაციით, ტარიფის კორექტირების საკითხი 10 სექტემბრამდე უნდა გადაწყდეს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ავთანდილ დვალიშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტარიფის გაზრდა საქართველოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულების გაზრდამ გამოიწვია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე ლაპარაკი ნაადრევია."ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ხელოვნურად დადგმულ სპექტაკლს. ყველას მივმართავ თხოვნით, თავი შეიკავონ და ხელოვნურად ნუ ძაბავენ მოსახლეობას, ვიდრე არ იქნება ჩამოყალიბებული პოზიცია, არავითარი ტარიფის მატება არ იგეგმება", - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

ამ პრობლემაზე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები აქვთ ენერგეტიკოსებსაც. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება ტარიფის გაზრდის თაობაზე სავსებით ლოგიკურია.

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, რეზო არველაძე bpn.ge-სთან ტარიფების გაზრდის მიზეზებზე საუბრობს.

"დავანებოთ თავი სხვა ფაქტორებს და დავაკვირდეთ, იანვრიდან დღემდე რა ტემპით მიდის ლარის გაუფასურება. ”ენერგო-პრო ჯორჯია” და სხვა კომპანიები ელექტროენერგიას დოლარში ყიდულობენ, მერე კი, გადასახადის სახით მიღებული ლარი ისევ დოლარებად უნდა აქციონ. დოლარი გაძვირდა, რის გამოც ისინი უფრო ძვირს იხდიან, ამიტომ გახდა საჭირო ტარიფის გაზრდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე ფაქტორიც: გაძვირდა გაზი, რომელიც ასევე დოლარში იყიდება. ელექტროგადაცემამაც გააძვირა ტარიფი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის აშენების შემდეგ. კომპანია იძულებულია საზღვარგარეთ შეიძინოს ბევრი რამ, რაც ამ სისტემისთვის აუცილებელია. ეს ყველაფერი კი სერიოზულ საფუძველს ქმნის, რომ კომპანიამ ტარიფში ცვლილებების შეტანა მოითხოვოს. რამდენად გაიზრდება ტარიფი, ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ როცა გაიზრდება, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შევაფასოთ, რამდენად ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - აღნიშნა რეზო არველაძემ.

არველაძე არ გამორიცხავს, რომ სექტემბრამდე ლარის კურსი კიდევ შეიცვალოს და ტარიფის კორექტირების პროცესში მთავრობაც ჩაერიოს. "მარეგულირებელ კომისიას 150-დღიანი ვადა აქვს მიცემული საკითხის განსახილველად. საბოლოო პასუხი სექტემბერში გვეცოდინება. ისიც არ არის გამორიცხული, რომ ლარის კურსი სექტემბრამდე კიდევ შეიცვლება, ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია. ნოდარ ხადურიც ამბობს, რომ ლარმა შეიძლება სტაბილიზაცია განიცადოს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ეს ”სტაბილიზაცია”: ლარი გამყარდება და ძველ ნიშნულს მიუახლოვდება, თუ ახლანდელ დონეზე გაჩერდება?! აშკარაა, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ სხვაობის სუბსიდირება მთავრობამ იკისროს, რომ გაზრდილი გადასახადი მოსახლეობას უფრო მძიმე ტვირთად არ დააწვეს. ასე მოხდა გაზის შემთხვევაშიც: მოსახლეობისათვის გაზი არ გაძვირებულა იმიტომ, რომ მთავრობა ჩაერია და გაზრდილი ხარჯები თავის თავზე აიღო", - განაცხადა რეზო არველაძემ.

ამ თვალსაზრისს იზიარებს ”საქართველოს პროგრესული ფორმულის” მრჩეველი ეკონომიკისა და განვითარების საკითხებში ვახტანგ ლომჯარია. "არსებობს სემეკის სპეციალური დადგენილება (N 14), რომელიც გულისხმობს, რომ ლარის კურსის ცვალებადობის შემთხვევაში კომპანიებს უფლება აქვთ შეიტანონ განაცხადი და ”სემეკისაგან” ტარიფის გადახედვა მოითხოვონ. მათ კურსის 10%-იანი ცვლილების შემთხვევაშიც კი შეეძლოთ ტარიფის ცვლილება მოეთხოვათ, ახლა კი, ლარის კურსი დოლართან შედარებით 30-31%-ით შეიცვალა. შესაბამისად, ეს მოთხოვნა ლოგიკურია თუნდაც იმიტომ, რომ თითქმის ყველა კომპანია წაგებაზე მუშაობს, თანაც, ენერგოსისტემა ქვეყანაში მაღალ დონეზე, შეუფერხებლად მუშაობს. იმისათვის, რომ კომპანიებს ფინანსური პრობლემები არ შეექმნათ, შესაძლოა საუბარი იყოს 30%-იან ზრდაზე. მეორე საკითხია, რამდენად შეძლებს სახელმწიფო ამ თანხის სუბსიდირებას, რადგან ეს ძალიან დიდი ტვირთი იქნება ჩვენი ბიუჯეტისთვის. არც ის არის გამორიცხული, რომ სექტემბერში სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ, რადგან ზაფხულის თვეებში ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში იზრდება. ამიტომ, უნდა დაველოდოთ სექტემბერს, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

სრულიად სხვაგვარად აფასებს სიტუაციას ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მეცნიერებათა დოქტორი მირონ ფირცხელანი. მისი თქმით, ამ სფეროში თამაშის წესებს ორი კომპანია ადგენს. "ჩვენს რეგიონებს ელექტროენერგიით ”ენერგო-პრო ჯორჯია” ამარაგებს, ხოლო თბილისს - ”თელასი”. ფასებსაც სწორედ ეს ორი კომპანია ადგენს. ამ სიტუაციაში გამოდის ენერგეტიკის მინისტრი და წინასწარ აკეთებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ტარიფი უნდა გაიზარდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობას ტარიფის გაზრდა უკვე გადაწყვეტილი აქვს. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ”ენერგო-პრო” ადრეც ცდილობდა ტარიფი გაეძვირებინა. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რა გალაპარაკებთ, ტარიფი ჯერ მომატებული არ არისო, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკა, რომ გაძვირებას ხალხის აღშფოთება არ მოჰყვეს", - ამბობს მირონ ფირცხელანი.

მისი შეფასებით, საქართველოში მონოპოლიზებული ფასები მოქმედებს. "როგორიც იქნება შეკვეთა, მარეგულირებელი კომისიაც ამ შეკვეთას შეასრულებს და ფასიც იმდენი გახდება. ამას ხელს ლარის დევალვაციაც უწყობს. ვიდრე ამ სფეროში მონოპოლისტური ურთიერთობები იქნება, მანამ იქნება მაღალი ფასები. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან თავისუფალი ბაზრის პრინციპების დაცვაა, სადაც ფასებს ბაზარი არეგულირებს და არა ერთი პიროვნება, ან კომპანია. ამიტომ, ვიდრე მთლიანი სისტემა არ შეიცვლება, ეს კომპანიები და მათი მეპატრონეები ყოველთვის ეცდებიან ფასები გაზარდონ. მათ დიდი მოგების მიღება სურთ. რატომაც არა?- როდესაც საქართველოში უცხოური კომპანია შემოდის, ის ცდილობს რაც შეიძლება მეტი მოგება ნახოს. მით უმეტეს, ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ”ენერგო-პრო ჯორჯია” იყიდება. რაც უფრო მაღალია ტარიფი, ნებისმიერი კომპანია უფრო ძვირად იყიდება, ამიტომ ისინი ყველანაირად ეცდებიან, რომ ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდონ", - განაცხადა მირონ ფირცხელანმა.

ხათუნა ჩიგოგიძე