სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
უწყების ცნობით, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში 269 საავადმყოფო ფუნქციონირებდა, საწოლთა ფონდი კი 17.9 ათასს შეადგენდა, რაც 13%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5.1 დღე შეადგინა (2021 წელს - 6.2 დღე), ხოლო დატვირთვამ - 167.2 დღე (2021 წელს - 201.2 დღე).
ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 284 ერთეულს შეადგენდა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 15.2 მილიონს გაუტოლდა, რაც 1.3%-ით აღემატება 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2022 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 23.9 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 22 ათასი.
წინა წელთან შედარებით პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში: ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები გაიზარდა 41.7 %-ით, სასუნთქი სისტემის დაავადებები - 36-ით, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები - 12.5%-ით, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები - 11.3%-ით, ხოლო კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები - 9%-ით. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2015 წელს დაფიქსირდა.