გმო პროდუქტებთან დაკავშირებული კანონი ფარატინა ქაღალდია

დეპუტატი თემურ მაისურაძე: ბაზრის ნახევარიც კი ვერ კონტროლდება

საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მეტისმეტად ლოიალურია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ იგი მოსახლეობას გმო პროდუქტებთან დაკავშირებული საფრთხისგან საერთოდ ვერ იცავს. ამ მხრივ საქართველოში ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე სომხეთში, თუმცა აზერბაიჯანთან შედარებით გაცილებით ცუდი ვითარება გვაქვს.

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანში გმო პროდუქტებთან დაკავშირებით კანონმდებლობა უკიდურესად მკაცრდება. სულ ახლახან იქ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები განხორციელდა, რომელთა თანახმად, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების განზრახ შეტანა, გაყიდვა და გამოყენება 3-5 ათასი მანათით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ახალი კანონმდებლობით, აზერბაიჯანში გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საკვებ პროდუქტებში განზრახ გამოყენებისთვის ფულადი ჯარიმა 4-6 ათასი მანათი ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება. მსხვილი მოცულობით აღნიშნული ორგანიზმების შეტანას, გაყიდვასა და მოხმარებას კი 7-9 ათასი მანათი ან 5 წლამდე პატიმრობა მიესადაგება. 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პირებს, რომლებიც ჩამოთვლილ დანაშაულს გამეორებით ჩაიდენენ.

მართალია, გმო პროდუქტების შემოტანას საქართველოშიც კანონმდებლობა არეგულირებს, მაგრამ მისი ქმედითუნარიანობა საზოგადოებაში სერიოზულ ეჭვს იწვევს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ რეგულაცია ამ მიმართულებით ზედმეტად ლოიალურია და გმო პროდუქტებთან დაკავშირებით საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

ამ აზრს კანონმდებლებიც იზიარებენ. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე არ მალავს, რომ კანონის აღსრულება რეალურად ვერ ხორციელდება და გმო პროდუქტისგან ბაზრის ნახევარიც ვერ კონტროლდება. ამიტომ რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ობიექტის გარდა, პრობლემა თითქმის ყველგანაა.

”საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტის კულტივაცია აკრძალულია. კანონი ბიზნესოპერატორებისგან სავალდებულო მარკირებას მოითხოვს, მაგრამ კონტროლი რეალურად ვერ ხორციელდება. მომხმარებელიც პასიურია და კონტროლს ვერც შესაბამისი სტრუქტურები ახერხებენ. პროცესს მსხვილი სავაჭრო ობიექტების ნაწილი მეტ-ნაკლებად არეგულირებს, მაგრამ უმეტესწილად, ყველაფერი მიშვებულია. დღევანდელ სიტუაციაში სავაჭრო ქსელების სრული გაკონტროლება შეუძლებელიცაა. ამ მიმართულებით ბევრია გასაკეთებელი. აღსრულების ნაწილში კანონმდებლობა დასარეგულირებელია. ცხადია, ამას მივაღწევთ მას შემდეგ, რაც ლაბორატორიული კონტროლი გამკაცრდება. აზერბაიჯანში მოსახლეობა უხარისხო, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში პროდუქტისგან მაქსიმალურად არის დაცული, კანონმდებლობა ამ მხრივ ძალიან მკაცრია, მაგრამ არანაირი ვალდებულება არ აქვს სომხეთს, რეგულაცია იქ არ არსებობს. ვთვლი, რომ სერიოზული სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რომ უსაფრთხოება დავიცვათ და ხალხს რეალურად ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა”, - განმარტავს თემურ მაისურაძე.

მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, შენიშვნა აქვთ სპეციალისტებსაც. ”მწვანეთა მოძრაობის” პროგრამების კოორდინატორის, გიორგი მაღრაძის განცხადებით, საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტის კულტივაციის პროცესი მცირედითაც ვერ კონტროლდება და საქართველოს ამ მხრივ საკმაოდ სუსტი კანონმდებლობა აქვს.

”რეგულაციის შემოღებას დიდად არაფერი შეუცვლია, საფრთხე კვლავ არსებობს. ის, რომ გმო პროდუქტების კულტივაცია აიკრძალა, ვითარებას ვერ ცვლის. იმპორტიორს სრული უფლება აქვს განაცხადოს, რომ შემოტანილი თესლი საკვებად სჭირდება, მაგრამ დათესავს თუ საკვებად გამოიყენებს, არავინ აკონტროლებს. რეალურად ეს მარტივი პროცესი არ არის. შეიძლება მდგომარეობა გამოსწორდეს მას შემდეგ, როდესაც საქართველო მოახდენს ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, ანუ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. შესაბამისად, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი პროდუქტის სტანდარტი ევროპულს მიუახლოვონ, რაც სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება”, - აცხადებს მაღრაძე.

დღეს საქართველოში იმის შეფასებას, არის თუ არა პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა, ბიოპროდუქციის სერტიფიცირების ორგანო ”კავკასსერტი” ახორციელებს. კომპანიის თავმჯდომარის, ზურაბ ნადარეიშვილის ინფორმაციით, ”კავკასსერტში” ამ ეტაპზე 20 მეურნეა სერტიფიცირებული. ეს ძალიან ცუდი შედეგია და ქვეყანას გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნია.

”ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებისას მეწარმემ გარკვეული სტანდარტები უნდა დაიცვას როგორც პროდუქტის წარმოებისას, ასევე, გადამუშავებისას, შენახვისას, ტრანსპორტირებისა და გასაღებისას. გარდამავალი პერიოდი ერთწლიანი კულტურებისათვის არის 2 წელიწადი, ხოლო მრავალწლიანი კულტურებისათვის - 3 წელი. მეცხოველეობის შემთხვევაში, გარდამავალი პერიოდი თითოეული კატეგორიის პროდუქტებისათვის დადგენილია ინდივიდუალურად. ბიოწარმოებაში მემცენარეობისა და მეცხოველეობის დარგში დასაშვებია მხოლოდ სტანდარტით ნებადართული საშუალებების და მეთოდების გამოყენება”, - აცხადებს ნადარეიშვილი და დასძენს, რომ საქართველოში ახალი სტანდარტების დანერგვა მომხმარებელს გენმოდიფიცირებული პროდუქტისგან დაიცავს და მას სწორი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

”მომხმარებელი დაცული იქნება და ეს არის მთავარი პირობა, რასაც გენმოდიფიცირებული პროდუქციის სავალდებულო მარკირებისგან ველოდით. საუბარი იმაზე თუ რამდენად სრულდება რეგულაციები, ჩემ კომპეტენციას აღემატება. პრობლემაა ის, რომ საქართველოში ბიოწარმოება განვითარებული არ არის და ჯერჯერობით მხოლოდ 20 სერტიფიცირებული მეურნე გვყავს. ნამდვილად ველოდი, რომ სავალდებულო მარკირების შემდეგ მოიმატებდა ბიოპროდუქტების წილი ბაზარზე, მაგრამ ასე არ არის. შედეგის მისაღწევად კანონმდებლობის გამკაცრება არ იქნებოდა ურიგო, ცხადია, მომხმარებელიც უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული”,-  ამბობს ზურაბ ნადარეიშვილი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”