საგამოძიებო სამსახურმა საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი დააკავა

საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და კომპიუტერული მონაცემის შეცვლის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ჰუსეინ ერჰან ერგუჯი და აზიზ ერგუჯი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ბრალდებულებმა შესაბამისი რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გარეშე დაამონტაჟეს ინტერნეტ სიგნალის მიმღები სპეციალური მოწყობილობა ე.წ.სიმბოქსი, რომლის მეშვეობითაც საზღვარგარეთიდან განხორციელებული სატელეფონო ზარი, ინტერნეტ ტრაფიკის გამოყენებით გარდაიქმნებოდა ლოკალურ ზარად და როგორც ქვეყნის შიგნით განხორციელებული ზარი, ისე მიეწოდება საქართველოში მოქმედ კავშირგაბმულობის კომპანიის აბონენტებს.

"დანაშაულებრივი ქმედებით უხეშად დაირღვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს და საქართველოში მოქმედ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სპეციალური მოწყობილობები, ე.წ.სიმბოქსები, სპეციალური გადამცემი ანტენები, კომპიუტერული ტექნიკა და ათეულათასობით სიმ ბარათი", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ცნობით, საგამოძიებო სამსახური აგრძელებს მუშაობას სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და მობილური ოპერატორებისთვის მიყენებული ფინანსური ზიანის დასადგენად. გამოძიება გრძელდება სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.