აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს შეზღუდვების დაწესებას ჩინეთის მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებში ინვესტიციებზე მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც სააგენტო წერს, ბაიდენის მიერ შესაბამისი აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერა „აგვისტოს მეორე კვირაში არის დაგეგმილი“. ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ დაგეგმილი ხელმოწერის თარიღები რამდენჯერმე გადაიდო და „არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ის აღარ გადაიდება“.
გამოცემის ცნობით, შეზღუდვები სავარაუდოდ 2024 წლამდე არ შევა ძალაში და არ იმოქმედებს აშშ-ს არსებულ ინვესტიციებზე ჩინეთის მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიაში.
Bloomberg-ი ადრე იტყობინებოდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმა ჩინეთში ინვესტიციების შეზღუდვის შესახებ ფოკუსირებული იქნებოდა უახლეს მოწინავე ტექნოლოგიებზე. სააგენტოს წყაროს ცნობით, აშშ-ის ხელისუფლებამ შესაძლოა აკრძალოს ინვესტიციები ჩინეთის ნახევარგამტარული ინდუსტრიის, კვანტური გამოთვლითი და ხელოვნური ინტელექტის სექტორებში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა ადრე განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის განზრახვა შეზღუდოს ინვესტიციები ჩინეთის მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებში, ხელს უშლის ორ ქვეყანას შორის ნორმალურ ტექნოლოგიურ თანამშრომლობას.