ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა - ერთ-ერთი ილია ღამბაშიძეა

ევროკავშირის საბჭომ საინფორმაციო მანიპულაციებისთვის რუსეთის შვიდ მოქალაქესა და ხუთ კომპანიას სანქციები დაუწესა.

საბჭოს განცხადებით, ეს კომპანიები და ფიზიკური პირები პასუხისმგებელნი არიან ციფრული მანიპულაციური საინფორმაციო კამპანიისთვის, რომლის მიზანიც ინფორმაციის დამახინჯება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელება იყო.

ანგარიშის თანახმად, ეს კოორდინირებული და მიზანმიმართული საინფორმაციო მანიპულაცია არის ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ფართო ჰიბრიდული კამპანიის ნაწილი.

სანქციები დაუწესდა Iforos-სა და მის სამ დამფუძნებელს. Inforos რუსეთის სამხედრო დაზვერვასთანაა დაკავშირებული და აკონტროლებს 270-ზე მეტ ყალბ ვებგვერდს, რომელიც რუსულ პროპაგანდას ავრცელებს.

სიაში არიან რუსეთის პრეზიდნეტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია ANO Dialog-ი, რუსული დიასპორის ინსტიტუტი, ასევე ორი რუსული IT-კომპანია, Social Design Agency და Structura National Technologies, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის ციფრულ დეზინფორმაციულ კამპანიაში. სანქციები დაუწესდა აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

აღსანიშნია, რომ ერთ-ერთი ფიზიკური პირი, რომელსაც სანქციები დაუწესდა, Structura National Technologies-ის და Social Design Agency-ის დამფუძნებელი, რუსეთის მოქალაქე ილია ღამბაშიძეა.

"ეს ორი რუსული კომპანია ჩართული იყო რუსულ ციფრულ დეზინფორმაციულ კამპანიაში RRN, რომლის მიზანიც საინფორმაციო მანიპულაცია დეზინფორმაციის გავრცელება იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მხარდასაჭერად.

ილია ღამბაშიძე მუშაობდა დუმის ვიცე-პრეზიდენტის, პიოტრ ტოლსტოის თანაშემწედ. Structura National Technologies და Social Design Agency კამპანიის მთავარი აქტორები არიან, პასუხისმგებელნი ყალბი ვებ-გვერდების შექმნაში, რომლებიც განასახიერებდნენ სამთავრობო ორგანიზაციებსა და ლეგიტიმურ მედიებს ევროპაში", - წერია ანგარიშში.

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, ამჟამად, დაახლოებით, 1 800 პირისა და კომპანიის წინააღმდეგ მოქმედებს.

კახი ჩაკვეტაძე