ქვიშის ბატარეა, სუპერ გამძლე კოლგოტები, 11 კგ-იანი საბანი - გამოგონებები, რომლებიც ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის

დიდი პოტენციალის მქონე გამოგონებებსა და გაჯეტებს ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეიძლიათ. მათ „კომერსანტი“ მიმოიხილავს.

ქვიშის ბატარეა

ჩვეულებრივ ქვიშას ენერგეტიკულ სექტორში სერიოზული ამოცანების შესრულება შეუძლია: ერთი წლის წინ კომპანია Polar Night Energy-ის ფინელმა მეცნიერებმა სამხრეთ-დასავლეთ ფინეთში ქვიშის გამოყენებით ენერგიის პირველი საცავი დაამონტაჟეს. ეს არის დიდი აკუმულატორული ბატარეა, რომელსაც შეუძლია, ზამთარში საცხოვრებელი შენობები ეფექტურად გაათბოს. ქვიშის აკუმულატორული ბატარეა 7 მეტრი სიმაღლისა და 4 მეტრი დიამეტრის ფოლადის კოშკია, რომელიც 100 ტონა დაბალი ხარისხის ქვიშით არის შევსებული.

ქვიშას სითბოს მაღალი ტევადობა აქვს. კერძოდ, 500°C-მდე გაცხელების შემთხვევაში ქვიშა ტემპერატურას დიდხანს ინარჩუნებს. მეტიც, ქიმიური ბატარეებისგან განსხვავებით, ქვიშის ბატარეის დატენვა უსასრულოდ არის შესაძლებელი. ამასთან, ქვიშა თავისთავად იაფია და დროთა განმავლობაში თავის თვისებებსაც არ კარგავს.

უჩვეულო ბატარეა სპეციალურად თბოელექტროსადგურის გვერდით განათავსეს, რომელიც სითბოს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან და სერვერის გაგრილების სისტემებიდან იღებს. მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია აკუმულატორში ქვიშას 400-500°C-მდე ათბობს.

ქვიშით გაცხელებული ჰაერი ბატარეიდან მილებით რაიონის გათბობის სისტემას მიეწოდება, რომელიც სახლებს, ოფისებსა და ადგილობრივ საცურაო აუზსაც კი ამარაგებს.

ქვიშის აკუმულატორის გამომგონებელი ახალგაზრდა ინჟინრები, მარკუ იულენენი და ტომი ერონენი ამჟამად ამ ტექნოლოგიის მასშტაბირებაზე მუშაობენ.

3D სახლები

ტეხასის სტარტაპ ICON-ის მიერ შექმნილ 3D-პრინტერ Vulcan-ს 48 საათში 32 კვადრატული მეტრ ფართობის პატარა სახლის „აშენება“ შეუძლია, ხოლო Vulcan-ის გაუმჯობესებული მოდელი 24 საათში უკვე 185 კვადრატული მეტრ სახლის აშენებას შეძლებს. სამშენებლო მასალის სახით პრინტერში სპეციალური ცემენტი ისხმება, რომლის ფილებიც ფენა-ფენა, ლამაზად იდება და ქმნის კედლებს, სახურავის დეტალებსა და სხვა ელემენტებს. სახლის დაპროექტება ნებისმიერი დიზაინით არის შესაძლებელი.

დაბეჭდილი სახლების კონსტრუქციები მეტად გამძლეა და ნორმატიულზე 350%-ით მეტ დატვირთვას უძლებს. ასეთი სახლები ექსტრემალური კლიმატურ პირობებისთვის მდგრადია, მასში წყალი არ შედის, ობი არ ჩნდება და ცეცხლგამძლეა.

რეგულარული კომერციული პროექტების გარდა, ICON, რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციასთან პარტნიორობით, შეერთებულ შტატებში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში სახლებს უსახლკარო ადამიანებისთვისაც აშენებს.

ურღვევი კოლგოტები

კანადურმა კომპანია Sheerly Genius-მა ქალებისთვის მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭრა, რაც მათ ყველაზე ხშირად აწუხებთ. კერძოდ, კოლგოტები, რომლებიც, ჩვეულებრივ, აბრეშუმის, ნეილონის, სპანდექსისა და მსგავსი მასალებისგან მზადდება, ნაკლებად გამძლეა და საკმაოდ ადვილად ირღვევა.

კომპანიის დამფუძნებელი, ქეთრინ ჰომუტი ამბობს, რომ Sheerly Genius-მა შექმნა ტექნოლოგია, რომელიც ტყვიაგაუმტარ ჟილეტებსა და ალპინისტურ აღჭურვილობაში გამოყენებად მასალას რბილ, თხელ, ელეგანტურ კოლგოტებად აქცევს.

გამომგონებლების თქმით, ამ კოლგოტებს ბასრი საგნების ან ფრჩხილების „არ ეშინიათ“ და მათი მოხმარება არა ერთხელ ან ორჯერ, არამედ ორმოცდაათჯერაც არის შესაძლებელი.

ზუსტად მორგებული ტანსაცმელი

იაპონური საცალო მოვაჭრე ZOZO-ს 3D-ტექნოლოგიით შერჩეული ტანსაცმელი (და არა მარტო ტანსაცმელი) მომხმარებლის ზომასა და სტილს იდეალურად ერგება. ZOZO-მ ადამიანის სხეულის ყველა, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო პარამეტრის 3D-გასაზომად საკუთარი ტექნოლოგია შეიმუშავა და დააპატენტა.

კერძოდ, შეიქმნა ელასტიური კომბინეზონი, რომელზეც მრავალი საკოორდინატო წერტილი არის განთავსებული. მომხმარებელი იცვამს სპეცტანსაცმელს და სმარტფონის აპლიკაციის გამოყენებით თავის ფიგურას ასკანირებს. სპეციალური მდებარეობით განთავსებული საკოორდინატო წერტილები სკანერს საშუალებას აძლევს, ყველა ნიუანსი გაითვალისწინოს. შემდეგ იმავე აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელი მორგებულ ტანსაცმელს უკვეთავს.

3D-ლაზერულ სკანერთან ZOZO-ს სკანერის მუშაობის შედარებამ აჩვენა, რომ ცდომილება მხოლოდ 3,7 მმ-ს შეადგენს. სხვადასხვა საკოორდინატო წერტილით ZOZO განსხვავებული მოდელის კომბინეზონებს ქმნის, რაც, მაგალითად, სპორტსმენებისთვის თუ ელეგანტური ქალებისთვის ტანსაცმლის შერჩევის საშუალებას იძლევა.

კომბინეზონის წარმატების შემდეგ ZOZO-ს სპეციალისტებმა სპეციალური ხალიჩა გამოიგონეს, რომელიც იმავე ტექნოლოგიით, ოღნდ, ფეხსაცმლის მოსარგებად მუშაობს. ამჯერად ის ფეხსაცმლის ზუსტი შერჩევისთვის ფეხების პარამეტრებს ასკანირებს.

თუმცა ZOZO არც ამით გაჩერებულა და ახლა უკვე სპეციალური სათვალე აქვს, რომელიც სრულყოფილი მაკიაჟის შესარჩევად, კანის ყველა უნიკალური ფერის მახასიათებლის გათვალისწინებით, მყიდველის სახეს ასკანირებს.

ძილი ნებისა

ამერიკულმა სტარტაპ Gravity-მ ძილის სიმყუდროვისთვის წონიანი საბანი შექმნა. შერჩევის მიზნით საბნები განსხვავებული, კერძოდ, 6, 9 და 11 კგ წონით შეიქმნა.

Gravity-ის საბანი მარტივად მუშაობს: დაფარებისას საბნის დამატებითი წონის გამო ადამიანს თბილი და საიმედო ჩახუტების განცდა ეუფლება. ეს სიმშვიდისა და ბედნიერების ჰორმონ სეროტონინის გამომუშავებას უწყობს ხელს, ხოლო სეროტონინისგან ძილის ჰორმონი, მელატონინი წარმოიქმნება. შედეგად ადამიანი მშვიდად იძინებს და გული თანაბრად უცემს, რაც მის ჯანმრთელობასაც ხელ უწყობს.

Gravity-ის საბნის ეფექტურობა 2017 წელსვე გამოსცადეს, როცა ის სტარტაპმა გამოუშვა. თანადამფუძნებელ მაიკ გრილოს ცნობით, სულ რამდენიმე თვეში სტარტაპმა პლატფორმა Kickstarter crowdfunding-ზე, თითქმის, 5 მლნ დოლარი შეაგროვა, ხოლო 2018 წელს ჟურნალ Time-მა Gravity-ის საბანი წლის ერთ-ერთ საუკეთესო გამოგონებად დაასახელა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ