მსოფლიო ბანკი საქართველოს რეგიონების განვითარების მექანიზმების შემუშავებაში დაეხმარება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი მსოფლიო ბანკის კონსულტანტს ურბანული განვითარების მიმართულებით, იზაბელა ბარატის შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი საქართველოს რეგიონების, ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის გაცნობა და იმ შესაძლებლობებზე მსჯელობა იყო, რომლის შეთავაზებაც მსოფლიო ბანკს ქვეყნის ხელისუფლებისთვის შეუძლია.

მხარეებმა ისაუბრეს დეცენტრალიზაციის პროცესის მიმდინარეობასა და მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერების მექანიზმებზე. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მხარდაჭერას აღმოუჩენენ საქართველოს რეგიონების განვითარების ინსტრუმენტების შემუშავებაში.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს იმედი, რომ სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობა რეგიონული განვითარების მიმართულებით წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.