ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისის გახსნას დაესწრო

საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობა და მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობა საქართველოში ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის როლის გაზდას რეგიონში და რეგიონალური ეკონომიკური კავშირების განვითარებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისის გახსნისას განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წელს თბილისში რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიების გამართვა იგეგმება.

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი, რომელიც მიმდინარე წლის 13-15 მაისს გაიმართება, შესაძლებლობას მისცემს საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს ორმხრივი შეხვედრები გამართონ პოტენციურ ინვესტორებთან და საქმიანი კავშირები დაამყარონ სხვადასხვა ქვეყნების წამყვან კომპანიებთან. ასეთი მასშტაბის ღონისძიებისთვის საქართველოს ჯერ არ უმასპინძლია. ასევე, აღვნიშნავ შავი ზღვის ქვეყნების ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას და ბიზნეს ფორუმს, რომელიც თბილისში 19-21 ივნისს გაიმართება და რომელიც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ახალი ბიზნესკავშირების დასამყარებლად და არსებული კავშირების გასავითარებლად. მინდა ასევე აღვნიშნო, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, ჩემი ინიციატივით, მაღალი დონის საინვესტიციო კონფერენციას - "აბრეშუმის გზის ფორუმი" გაიმართება, რომლის ძირითადი მიზანი იქნება ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობა. დავუბრუნდები ჩვენს დღევანდელ თემას და აღვნიშნავ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან, როგორც ევროპის, და შეიძლება ითქვას მსოფლიოს, ერთ-ერთ წამყვან საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ მთავარი მიზნების მისაღწევად, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს მჭიდროდ ითანამშრომლოს, ხელი შეუწყოს ბანკის წარმომადგენლობით ოფისს მისი საქმიანობის და საინვესტიციო მიზნების სრულად განხორციელებაში. "საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული თანამშრომლობა წარმატებულად გრძელდება სახელმწიფო და კერძო სექტორის დაფინანსების თვალსაზრისით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა ორივე მიმართულებით; სახელმწიფო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად, ბანკს გამოყოფილი აქვს დაახლოებით 380 მილიონი ევრო. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერა - დღეის მდგომარეობით ბანკის მიერ საქართველოს კომერციული ბანკებისთვის გამოყოფილმა ფინანსურმა რესურსმა დაახლოებით 110 მილიონი ევრო შეადგინა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკი აფინანსებს ინფრასტრუქტურის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებს როგორიცაა გზები, ენერგეტიკა და წყალმომარაგება. "მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ბანკის მხარდაჭერის ფარგლებში რეგიონული და მუნიციპალური, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე. ასეთი პროექტები მოიცავს სხვადასხვა მცირე ქვეპროექტებს, რომლებიც განხორციელდება საქართველოს მასშტაბით და მიზნად ისახავს რეგიონებში მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე. სახელმწიფო თუ კერძო სექტორში ბანკის მიერ დაფინანსებული თითოეული პროექტი, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში, ასევე ხორციელდება სახელმწიფო სტრუქტურების ინსტუტუციური მხარდაჭერაც, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ზრდის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების შესაძლებლობებს დიდი მასშტაბის პროექტების მართვისა და განხორციელების კუთხით. "იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბანკის მიერ საქართველოში როგორც სახელმწიფო სექტორის, ასევე კერძო სექტორის დაფინანსების პორტფელის ზრდას. დარწმუნებულნი ვართ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.