UNESCO-მ ვენეცია შესაძლოა, საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების საიში შეიტანოს

UNESCO საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში ვენეციის შეტანის ინიციატივით გამოდის, რის მიზეზადაც ქალაქის ისტორიული იმიჯისა და მიმდებარე ლაგუნის განადგურების საფრთხეს ასახელებს. ინფორმაციას Agence France-Presse (AFP) ავრცელებს.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ ვენეციას, კლიმატის ცვლილებით დაწყებული და მასობრივი ტურიზმით დამთავრებული, მთელი რიგი საფრთხეები ემუქრება, რამაც „ობიექტის გამოჩენილ უნივერსალურ ღირებულებაში შესაძლოა, შეუქცევადი ცვლილებები გამოიწვიოს.“

„ზოგიერთმა ამ გრძელვადიანმა პრობლემამ უკვე გამოიწვია ობიექტის თანდაყოლილი მახასიათებლებისა და ატრიბუტების გაუარესება,“ - წერს UNESCO.

ამის მაგალითად გაეროს უწყება მაღალსართულიან შენობებს ასახელებს და აცხადებს, რომ იტალიას ამ საკითხთან დაკავშირებით „მნიშვნელოვან პროგრესს“ არ მიუღწევია.

რეზოლუციის პროექტში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი გამოთქვამს იმედს, რომ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად ვენეციის დასახელება „ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების საქმისადმი უფრო მეტ ერთგულებასა და მობილიზებას გამოიწვევს.“

საფრთხის ქვეშ მყოფი ობიექტების სიაში UNESCO-ს, ვენეციის ჩათვლით, მსოფლიო მემკვიდრეობის სულ 53 ძეგლის შეყვანა სურს. კომიტეტმა გადაწყვეტილება 10-დან 25 სექტემბრამდე, ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზე უნდა მიიღოს.

საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად ვენეციის გამოცხადებას UNESCO 2021 წელსაც აპირებდა, მაგრამ გადაწყვეტილება აღარ მიიღო, რადგან რამდენიმე კვირით ადრე იტალიის მთავრობამ დიდ საკრუიზო გემებს ქალაქის ცენტრში შესვლა აუკრძალა.

ვენეცია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1987 წელს შეიტანეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ