საქსტატს ადმინისტრაციული, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან პირადი ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილება ენიჭება

მთავრობა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. აღნიშნულს "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ინიციატივები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

კანონპროექტით იცვლება საქსტატის საბჭოს იმ წევრთა შერჩევა, რომლებიც საჯარო მოხელეები არ არიან და რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. ცვლილებით მათი შერჩევა ღია კონკურსის წესით მოხდება. პროექტის თანახმად, საქსტატს თავისი ფუნქციების შესასრულებლად, ადმინისტრაციული ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან პირადი ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების უფლებამოსილება ენიჭება.

გარდა ამისა, თუ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირი არ წარადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას, ცვლილების თანახმად, აღნიშნული გამოიწვევს პირის გაფრთხილებას და შემდეგ დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, რაც არ ათავისუფლებს პირს ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. პროექტით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, საქსტატის საბჭოს გარკვეული ფუნქციები საქსტატის საბჭოს თავმჯდომარეს გადაეცა. კერძოდ, ეს არის: საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცება; სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის დამტკიცება.

კანონპროექტით შემოდის ახალი სუბიექტი - საქსტატის მრჩეველთა საბჭო, რომელიც არის საქსტატის საკონსულტაციო ორგანო და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.