აფხაზეთში დღეიდან 20-ჯერ გაზრდილი ჯარიმები ამოქმედდა, რომელიც პლაჟებს მიღმა საცურაო კოსტუმით ან შიშველი ტანით გამოჩენას კრძალავს. კერძოდ, ამ შეზღუდვის დამრღვევები 300 რუბლის (8,5 ლარის) ნაცვლად დღეიდან 6000 რუბლს (171 ლარს) გადაიხდიან.
8 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც, პლაჟებისა და საცურაოდ გამოყოფილი ადგილების გარდა, ყველა ქუჩაზე, სტადიონზე, სკვერსა თუ პარკში, ასევე, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში შიშველი ტანით ან საცურაო კოსტუმში გამოჩენისთვის ტურისტებს მინიმალური ხელფასის 100 ოდენობის, ანუ 6 ათასი რუბლის (171 ლარის) ჯარიმა დაეკისრებათ. მანამდე ეს ჯარიმა ხუთ მინიმალურ ხელფასს, ანუ 300 რუბლს (8,5 ლარს) უტოლდებოდა.
„დამსვენებლებისა და ტურისტების დიდი რაოდენობით ყოფნა საგრძნობლად ავსებს აფხაზეთის ბიუჯეტს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ეროვნული მენტალიტეტი, ახალგაზრდობის აღზრდა აფსუარას სულისკვეთებით. ბევრი ადამიანი, ვინც ჩვენთან დასასვენებლად არის ჩამოსული, თვლის, რომ რაკი კურორტზე არიან, გარეგნულ მხარეს ყურადღება არ უნდა მიაქციონ და თავს უფლებას აძლევენ, საცურაო კოსტუმებით იარონ არა მხოლოდ პლაჟებზე ან ცურვისთვის განკუთვნილ ადგილებში, არამედ საზოგადოებრივ ადგილებშიც. მაგალითად, მამაკაცები მხოლოდ შორტებით, ტანშიშველი დადიან. ეს ყველაფერი იწვევს არა მხოლოდ უფროსი თაობის, არამედ ახალგაზრდების აღშფოთებას, რადგან ჩვენს საზოგადოებაში არ არის მიღებული ასეთი ჩაცმულობა საჯარო ადგილებში,“ - ნათქვამია კანონის განმარტებით ბარათში.
8 ივნისდან 1 აგვისტომდე აფხაზეთის ქალაქებს მიეცათ დრო, ტურისტების დასჯის გამაფრთხილებელი სხვადასხვა საინფორმაციო სტენდი გამოეფინათ.
ახალ წესს ქალაქების სანაპიროებზე ე.წ. ქვეითი პატრული გააკონტროლებს. შინაგან საქმეთა დე ფაქტო მინისტრის მოადგილე ბესლან ჭკადუამ სააგენტო TASS-ს განუცხადა, რომ ქვეითი პატრულის ერთ-ერთი ამოცანა იქნება დამრღვევი პირების გამოავლენა და ე.წ. შსს-ის ოპერატიული ჯგუფის გამოძახება, რომელიც მათ პოლიციის განყოფილებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესავსებად გადაიყვანს.
რაც შეეხება სხვა ადგილებს, ჭკადუას თქმით, „მილიციის ნებისმიერ თანამშრომელს ან ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მსგავს დარღვევას შეესწრება, შეუძლია, 02-ზე დარეკოს და შეატყობინება დატოვოს.“
„თუ, მაგალითად, რესტორანში კაცი საცურაო კოსტუმით შევა, მასთან მილიციის თანამშრომელი გაჩნდება და კანონის შესაბამისად უპასუხებს,“ - აცხადებს ჭკადუა.
ცვლილებების ინიციატორი, დე ფაქტო დეპუტატი, დაუთ ხუტაბა ამბობს, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესში „რიგი საკურორტო ქვეყნების გამოცდილება იქნა გათვალისწინებული.”
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასათანადო ფორმით გამოჩენა ტურისტების გარდა, ადგილობრივ მოსახლეობასაც ეკრძალება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ