იმ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში  საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას ვარაუდობს, შემცირდა - ISET

2023 წლის მე-3 კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 10.7 პუნქტით შემცირდა და 15.7-ს გაუტოლდა. ამის შესახებ მონაცემებს „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა საფინანსო სექტორში (26.4) დაფიქსირდა.

„აისეტის“ მკვლევართა შეფასებით, BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და მომავლისადმი მოლოდინებმა განაპირობა.

„მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2023 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით 9.1 პუნქტით შემცირდა და 2023 წლის მე-3 კვარტლისთვის 12.7-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი ყველაზე მაღალია მრეწველობის სექტორში (25).

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, მნიშვნელოვნად შემცირდა და 28.5 პუნქტს გაუტოლდა. 2023 წლის მე-3 კვარტლისთვის მოლოდინების ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა მრეწველობის სექტორში (50) დაფიქსირდა.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 11-ით შემცირდა და 17.3 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასების მატებას საკუთარ პროდუქტზე, შემცირდა,“- აღნიშნულია „აისეტის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი