ეროვნულმა ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა. სებ-ი ელის, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება.
„მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია და ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდა, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის გამო, შედარებით მაღალი იქნება, ინფლაციაზე დამატებითი წნეხი წარმოიქმნება“, - განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, საპროგნოზო მაჩვენებლის განსაზღვრისას სებ-მა კონსერვატიული მიდგომა გამოიყენა.
ინფორმაციისთვის, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-ივნისის საშუალო რეალური ზრდა 7.6% იყო.
საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი კი, 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.