კიევის ეკონომიკური სკოლა - უკრაინის მოსახლეობა 37-დან 32 მილიონამდე შემცირდება

უკრაინის მოსახლეობა 2030 წლისთვის რუსეთის სამხედრო აგრესიისა და ემიგრაციის გამო 37-დან 32 მილიონამდე შემცირდება, ხოლო რამდენიმე წელიწადში ქვეყანას დასაქმებულ მოქალაქეზე მეტი პენსიონერი ეყოლება. ამის შესახებ კიევის ეკონომიკური სკოლის კვლევაში არის ნათქვამი, რასაც unian ავრცელებს.

კვლევის თანახმად, 2030 წელს სამუშაო ძალა 17,4-დან 11,7 მილიონამდე შემცირდება, ხოლო 2023 წელს უკრაინის მოსახლეობა, 5,8 მილიონი ლტოლვილისა და რუსეთში წასული ადამიანების გათვალისწინებით, დაახლოებით, 31,2 მილიონ ადამიანს შეადგენს.

წლევანდელ სამუშაო ძალას მკვლევარები 12,5 მილიონი მუშახელით აფასებენ, მაშინ, როცა 2021 წელს მათი რაოდენობა 17,4 მილიონ ადამიანს შეადგენდა. ასეთი კლება სამუშაო ასაკის 2,5 მილიონ ლტოლვილს, 1 მილიონ მობილიზებულ სამხედროსა და 1,4 მილიონ დამატებით უმუშევარს მოიცავს.

ინერციული სცენარით, რომელიც ბუნებრივ შემცირებას, ლტოლვილთა დაბრუნებასა და მიგრაციას ითვალისწინებს, უკრაინის მოსახლეობა 2024-2032 წლებში 31,8 მილიონი ადამიანი იქნება. იმავე პერიოდში სამუშაო ძალა, ბუნებრივი კლების, ლტოლვილების დაბრუნებისა და დამატებითი მიგრაციის გათვალისწინებით, 11,7 მილიონი მუშახელით არის შეფასებული, რაც 1,45 მილიონ დაბრუნებულ ლტოლვილსაც მოიცავს. გამოკითხვის თანახმად, ლტოლვილთა 50%-ს უკრაინაში დაბრუნება სურს.

კიევის ეკონომიკური სკოლის მონაცემებით, 2021 წელს უკრაინაში 10,9 მილიონი პენსიონერი იყო. მკვლევარები პროგნოზირებენ, რომ 2032 წლისთვის პენსიონერთა რაოდენობა მოსახლეობის დაბერების გამო 12,2 მილიონ ადამიანს მიაღწევს და ქვეყანას პენსიონერებზე ნაკლები მუშახელი ეყოლება. აქედან გამომდინარე, 2030 წელს თითოეულ დასაქმებულზე ეკონომიკური დატვირთვა 28,7 ათას გრივნამდე (777 დოლარამდე) გაიზრდება, მაშინ, როცა 2021 წელს 15,7 ათას გრივნას (425 დოლარს) შეადგენდა.

ცნობისთვის: გუშინ ფინანსთა მინისტრ სერგეი მარჩენკომ განაცხადა, რომ მილიონობით უკრაინელის ლტოლვილად ქცევის, საზღვარგარეთ მათი ცხოვრებისა და მუშაობის გამო უკრაინის შიდა ეკონომიკა თვეში, დაახლოებით, 2 მლრდ დოლარს კარგავს.

2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, უკრაინაში რეგისტრირებულია 10,7 მილიონი პენსიონერი, საიდანაც 2,7 მილიონი ადამიანი მუშაობას განაგრძობს. 1 ივლისის მდგომარეობით, დასაქმებული პენსიონერების საშუალო პენსია 5563,34 გრივნაა (151 დოლარამდეა), ხოლო თვეში 10 000 გრივნაზე (271 დოლარზე მეტს) უკრაინელი პენსიონერების 7,26% იღებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ