"ბიზნესში რენესანსი აუცილებლად მოვა"

”ჩვენი განვითარების ქვეყანას  ბევრი კაპიტალის მოზიდვა სჭირდება”

ქართულ ბიზნესში რენესანსი აუცილებლად მოვა იმიტომ, რომ ამის ყველა წინაპირობა არსებობს. ამის შესახებ ლაშა პაპაშვილმა "პალიტრა TV"-ს გადაცემა ბიზნეს PRESS-ში განაცხადა. მისივე თქმით, პირველი, რაც კაპიტალის განვითარებას სჭირდება, თავისუფლებაა. "შიში, გაუხსნელობა, ინდივიდების ხელში მოქცეული ბიზნესი კაპიტალს ვერ მოიზიდავს. ჩვენი განვითარების ქვეყანას კი ბევრი კაპიტალის მოზიდვა სჭირდება. ჩვენ ჯერ კიდევ განვითარების დაბალ ეტაპზე ვართ, სამწუხაროდ. ბევრი კაპიტალი გვჭირდება, რომ ეკონომიკის ესა თუ ის დარგი განვავითაროთ. უმნიშვნელოვანესია პირდაპირი ინვესტიციები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და ვერც ერთი პოლიტიკოსი შიშისა და წნეხის ფონზე ამას ვერ მოიზიდავს", - აღნიშნავს ლაშა პაპაშვილი.

როგორც "რედიქს ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ბიზნეს PRESS-ში საუბრისას განაცხადა, ბიზნესის ბიუროკრატიული მხარე ჯერ კიდევ მოსაგვარებელია, თუმცა მთავრობის მხრიდან არსებობს ბიზნესის განვითარების სურვილი, რაც ბიზნესისთვის დიდი სტიმულის მიმცემია: "გახსნილია დღეს ბიზნესი, ბიუროკრატიული აპარატი ჯერ კიდევ ძალიან ღრმაა და ბევრი რამ უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ შეცვალოს. ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის ის, რომ ინსტიტუციები არ არის ჯერ კიდევ ამ ქვეყანაში - უკვე 25 წელი გავიდა, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ ინსტიტუციები ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, სამწუხაროდ. თუმცა ამ მთავრობის სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ მათ უნდათ, ეს გააკეთონ. სურვილიც უკვე ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. ეს ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია. ძალიან დასაფასებელია სურვილი და კეთილგანწყობა ბიზნესისადმი",- განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

ლაშა პაპაშვილთან ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვას პალიტრა TV-ს მაყურებელი ორშაბათს, 20:00 საათზე შეძლებს.