აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ პურის გაძვირების დადგენილება მიიღო. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული 1 კგ პური 50 რუბლი (0.70 ლარი), 0,6-კილოგრამიანი კი 30 რუბლი (0.85 ლარი) ეღირება. მეორე კლასის ფქვილისგან გამომცხვარი 1 კგ პური 47 რუბლი (1,30 ლარი), ხოლო 0,6-კილოგრამიანი პური 28 რუბლი (0.80 ლარი) გახდა.
პურის ფასს აფხაზეთში დე ფაქტო მათავრობა არეგულირებს. კერძოდ, თუ პურის წარმოებისას ნედლეულის ფასი 10%-ზე მეტად იცვლება იმ ღირებულებასთან შედარებით, რომელიც პურის ფასის დადგენის დროს მოქმედებდა, მაშინ ე.წ. ფასების რეგულირების სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია, ახალი ფასის გაანგარიშების დროს „ზრდის კოეფიციენტი გამოიყენოს.“ თუმცა კოეფიციენტი 10%-ზე მეტად არ უნდა გაიზარდოს.
დე ფაქტო მთავრობამ, ასევე, ხორბლის ფქვილის მაქსიმალური საბითუმო სავაჭრო ფასნამატი დაადგინა, რომელიც აფხაზეთში შეტანისას მის საბაჟო ღირებულებასთან შედარებით 15%-იანი ოდენობით გამოითვლება.
ბოლოს აფხაზეთში პურზე ფასი 2021 წლის ნოემბერში გაიზარდა. მაშინ პრემიუმ ფქვილისგან დამზადებულ 1 კგ პურზე ფასი 46 რუბლამდე (1,30 ლარამდე), 0,6-კილოგრამიან პურზე კი 28 რუბლამდე (0.80 ლარამდე) გაიზარდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ