საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში მანქანების ექსპორტი შეიზღუდა - სანქციები

საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ავტომანქანების ექსპორტი/რეექსპორტი იკრძალება. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილზე შეზღუდვა ამოქმედდება 26 სექტემბრიდან, როგორც ამას ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები წესდება „აშშ-ის და ევრიკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად“ და შეეხება როგორც რუსეთს, ისე ბელარუსს. ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში სანქციაზე შეერთების დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში აქამდე მოქმედი შეზღუდვით, რუსეთში 50 000 ევროზე ძვირადღირებული ავტომობილების გატანა იზღუდებოდა, სანქციების მე-11 პაკეტი ვრცელდება 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე, ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზეც.