რა რაოდენობით მსუბუქ ავტომობილს ვყიდით რუსეთსა და ბელარუსში

საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ავტომანქანების ექსპორტი/რეექსპორტი იკრძალება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილზე შეზღუდვა ამოქმედდება 26 სექტემბრიდან, როგორც ამას ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ავტომობილების მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი რაოდენობრივად 7,4%-ს შეადგენს, ბელარუსის კი მხოლოდ 0,25%-ს. რაც შეეხება თანხობრივად, ამ შემთხვევაში მთლიან რეექსპორტში რუსეთის წილი არის 5,2%, ბელარუსის კი 0,24%.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რეექსპორტზე სულ გავიდა 51 011 მსუბუქი ავტომობილი, შემოსავალმა კი 990,864 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან, რუსეთში გავიდა 3 786 ერთეული, 52,513 მლნ დოლარის ღირებულების, ბელარუსში კი 129 ერთეული, 2,452 მლნ დოლარის ღირებულების. საშუალოდ, ერთი ავტომობილის ღირებულება რუსეთში ექსპორტის შემთხვევაში შეადგენს 13 900 დოლარის, ბელარუსში კი 19 000 დოლარს.