Jacobs-ის მწარმოებელს რუსეთის ბაზრიდან ყველა პროდუქტი გააქვს

Jacobs-ის, L'Or-ის, Tassimo-ს, Pickwick-ისა და სხვა ბრენდების მფლობელ კომპანია JDE Peet's-ს რუსეთის ბაზრიდან ყველა საერთაშორისო პროდუქტი გააქვს. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშში არის ნათქვამი, რასაც TASS ავრცელებს.

JDE Peet's ყავისა და ჩაის მწარმოებელი ამერიკულ-ნიდერლანდური კომპანიაა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „JDE Peet's-ი რუსული ბაზრიდან საერთაშორისო ბრენდების გაყვანის პროცესშია.“ მწარმოებელის ცნობით, 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების დღიდან „ის რუსეთში ბიზნესის მაქსიმალურად დამოუკიდებლად ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა.“

ანგარიშის მიხედვით, ყავისა და ჩაის მწარმოებელმა წლის პირველ ნახევარში რუსულ ბაზარზე რებრენდინგის შედეგად 185 მლნ ევროზე მეტი დაკარგა. კომპანია პროგნოზირებს, რომ მოგება წლის მეორე ნახევარშიც „მნიშვნელოვნად დაბალი“ იქნება.

JDE Peet's-ს რუსეთში 900-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ