Apple-ის თანადამფუძნებლის, სტივ ჯობსის ვაჟმა, რიდ ჯობსმა ვენჩურული (სარისკო კაპიტალის) კომპანია შექმნა, რომელიც კიბოს ახლებურ მკურნალობას დააფინანსებს. ინფორმაციას Forbes USA ავრცელებს.
რიდის კომპანია, Yosemite გარდაცვლილი სტივ ჯობსის მეუღლის, ლორენ პაუელ ჯობსის მიერ დაარსებული საინვესტიციო, სოციალური და საქველმოქმედო კომპანია Emerson Collective-ის განყოფილება გახდა.
The New York Times-ის ცნობით, კომპანია Yosemite-ს კალიფორნიის შტატის სიერა-ნევადას მთებში მდებარე იოსემიტის ეროვნული პარკის სახელი ეწოდა, სადაც სტივი და ლორენი დაქორწინდნენ.
Forbes USA-ს მონაცემებით, რიდ ჯობსის ვენჩურულმა კომპანიამ ინვესტორებისგან 200 მლნ დოლარი უკვე მიიზიდა. მათ შორის არის მილიარდერი ჯონ დორი, ასევე, სლოან-კეტერინგის სახელობის ონკოლოგიური მემორიალური ცენტრი, როკფელერის უნივერსიტეტი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.
„არასდროს მინდოდა, ვყოფილიყავი ვენჩურული კაპიტალისტი, მაგრამ მივხვდი, რომ როცა რეალურად ქმნი რაღაცას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რა აქტივებია ამ პროექტის ნაწილი, როგორ განვითარდება და რა იქნება მისი სამეცნიერო მიმართულება,“ - განუცხადა New York Times-ს რიდ ჯობსმა.
სტივ ჯობსი 2011 წელს პანკრეასის კიბოთი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლორენ პაუელ ჯობსმა Emerson Collective 2004 წელს დააარსა. სტივის გარდაცვალების შემდეგ მან კომპანიაში Apple-ისა და Disney-ის აქციების ნაწილი ჩადო, რომელიც გარდაცვლილი ქმრისგან მემკვიდრეობით მილიარდობით დოლარის ოდენობით მიიღო.
31 წლის რიდ ჯობსი Emerson Collective-ში ჯანდაცვის განყოფილების მმართველი დირექტორია. ის მანამდე მოსამზადებელ სამედიცინო სკოლაში სწავლობდა, რომ ონკოლოგი გამხდარიყო, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ კურსი მიატოვა და ისტორიის სპეციალობით ჩაანაცვლა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ