თათრეთის ავიაკომპანია UVT Aero-ზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენის ნებართვა არ გასცა, რისი მიზეზიც ევროკავშირის შავ სიაში ავიაკომპანიის ყოფნაა. ინფორმაციას ყაზანის პორტალი, Business Online ავრცელებს.
ავიაკომპანია ყაზანიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს გეგმავდა, რისი ნებართვაც UVT Aero-ს „როსავიაციამ“ მიანიჭა. კერძოდ, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს („როსავიაციის“) ცნობით, ავიაკომპანიებმა, Red Wings-მა, UVT Aero-მ და Pobeda-მ თათრეთის დედაქალაქიდან საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და ქუთაისში რეისების შესრულების ნებართვა 5 ივლისს მიიღეს. Red Wings-ს თითოეული მიმართულებით კვირაში 7-ჯერ, Pobeda-ს კი ბათუმში ოთხჯერ უნდა ეფრინა, ხოლო თათრეთის ავიაკომპანიას ბათუმსა და ქუთაისში სამ-სამი რეისი უნდა შეესრულებინა.
რაც შეეხება თბილისის რეისს, „როსავიაციამ“ UVT Aero-ს ყაზანიდან საქართველოს დედაქალქში ფრენის ნებართვა არ მისცა. შესაბამისი ნებართვა Red Wings-მა (კვირაში 7-ჯერ), UVT Aero-მ (კვირაში 3-ჯერ), Pobeda-მ (5-ჯერ) და Nordwind-მა (2-ჯერ) მოითხოვეს.
თათრეთის ავიაკომპანიას მაჰაჩყალა-ბათუმის, მაჰაჩყალა-ქუთაისის, მაჰაჩყალა-თბილისის, სამარა-ბათუმის, სოჭი-ბათუმის, ჩელიაბინსკი-ბათუმის მარშრუტებზე ფრენა კვირაში 3-ჯერ ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა, როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, „საქართველოს საავიაციო ხელისუფლებისგან ფრენების ნებართვის არარსებობის გამო UVT Aero-ის რეისები არ სრულდება.“
UVT Aero და Pobeda ევროკომისიის საავიაციო უსაფრთხოების შავ სიაში 2022 წლის აპრილში მოხვდნენ, რაც უცხოური თვითმფრინავების რუსეთის იურისდიქციაში გადარეგისტრირებას მოჰყვა. მაშინ UVT Aero-ს გენერალური დირექტორი, პეტრ ტრუბაევი აცხადებდა, რომ „როსავიაციის“ მითითებით ავიაკომპანიამ რუსულ რეესტრში 7 თვითმფრინავი გადაარეგისტრირა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ