სასტუმრო „სანსეტ შოვი“, რომელიც გუშინ, 3 აგვისტოს სტიქიის ზონად იქცა, შპს ფროფერთი მენეჯმენტ-ის საკუთრებაა.
კომპანია 2012 წელს დარეგისტრირდა. წილის 100%-ს კი, საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ქაფიანიძე ფლობს.
სასტუმრო „სანსეტ შოვი“, რომელიც ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, თბილისიდან 265 კმ-ში მდებარეობს, პირველი ევროსტანდარტების შესაფერისი სასტუმროა, რომელიც სტუმრებს 2013 წლის ივნისიდან მასპინძლობდა. სასტუმროში 30 ნომერი და 2 კოტეჯია.
აღსანიშნავია, რომ ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია “სიმეტრიას“ (www.simetria.ge/ge ) თაოსნობით, 2017 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს კურორტ შოვის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებისთვის აუცილებელი სამუშაოები.
რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის განვითარების პროექტის ძირითადი პარტნიორები არიან სასტუმრო „სანსეტ შოვი“, სასტუმრო G&M Shovi-Racha Resorts და პანსიონატი მამისონი, რომლებიც კურორტის ისტორიული ტერიტორიის ძირითად ნაწილს ფლობენ.
ცხადია, უცნობია სტიქიის შემდეგ, როგორი იქნება კურორტის განვითარების პერსპექტივა. დღეს არსებული განვითარების გენერალური გეგმის თანახმად კი, კურორტზე დაგეგმილია 5*, 4* და 3* სასტუმროების, კოტეჯების, სპორტული, გასართობი და ბალნეოგიურ-რეკრეაციული დანიშნულების ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც კურორტს ოთხივე სეზონზე მოსანახულებლად და დასასვენებლად ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ადგილად აქცევს. წარმოდგენილი გეგმით განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა 130 მილიონ დოლარს აჭარბებს.