„ბუნებრივი ექსტრემალური მოვლენების რიცხვი მარტო გაიზრდება, რადგან კლიმატის ცვლილების გაქანებული ფაზაა - პრევენციის მცირე რგოლებიც კი არ არსებობს, ყოველ წელს გვაქვს ტრაგედია“

„ბუნებრივი ექსტრემალური მოვლენების რიცხვი მარტო გაიზრდება, რადგან კლიმატის ცვლილების გაქანებული ფაზაა - პრევენციის მცირე რგოლებიც კი არ არსებობს, ყოველ წელს გვაქვს ტრაგედია,“ - ასე ეხმაურება „მწვანე ალტერნატივას“ დამფუძნებელი მანანა ქოჩლაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე შოვის სტიქიას.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბუნებრივი ექსტრემალური მოვლენების რიცხვი მარტო გაიზრდება, იმიტომ რომ კლიმატის ცვლილების გაქანებული ფაზაა. საქართველოს 70% ისედაც მოწყვლადი იყო გეოლოგიურად. ე. ი. გაქვს პრობლემა.

ამ დროს რა ხდება, მთავრობა აკეთებს ფულს და თვლის, რომ შეუძლია მეწყერების, ღვარცოფების და ა.შ. შეჩერება - იგნორირებით, არ ხდება 24 საათიანი მონიტორინგი მოწყვლად რეგიონებში, შესაბამისი გეგმების მომზადება და ინფრასტრუქტურის შექმნა (მარტო ვერტმფრენი არაა საკმარისი, მაშველების აღჭურვა, ტრენინგი, გადანაწილება რეგიონებში, მოსახლეობის პრევენციული დამხ. სამაშველო ჯგუფების შექმნა და ა.შ. და ა.შ.) მოსახლეობის გადაყვანა საშიში ადგილებიდან, სადაც არ შეიძლება ცხოვრება, იქ არ უნდა იცხოვრო, და სახელმწიფომ ამ შემთხვევაში ძალაც უნდა გამოიყენოს და აგყაროთ) არ არსებობს პრევენციის მცირე რგოლებიც კი, ყოველ წელს გვაქვს ტრაგედია, რომლის შემსუბუქება ისევ ადამიანების ინდივიდუალური გმირობის ხარჯზე ხდება.

პ.ს. ხვალ ეს ტრაგედია ბევრს დაავიწყდება, მიზეზებზე ახლა ნუ ლაპარაკობთო, ხვალ გვეტყვით, რა დროს ეგაა ეკონომიკაა ასაყვავებელიო, ჰოდა ვართ ასე გოდოს მოლოდინში, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე,“ - წერს ქოჩლაძე.