ადრეული გაფრთხილებისა და მონიტორინგის რამდენი სისტემა აქვს საქართველოს

რაჭა სტიქიის ზონად გუშინ, მას შემდეგ იქცა, რაც იქ მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის ოფიციალური უწყებები 6 ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებენ. დაკარგულად ითვლება 35.

მომხდარი სტიქიის გამო, კვლავ გააქტიურდა საკითხი, რომ ერთ-ერთი პრობლემა არასწორი განაშენიანებაა. ასევე ის, რომ ქვეყანას არასაკმარისი რაოდენობით აქვს ადრეული გაფრთხილების სისტემები.

„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რამდენ უბანზეა ადრეული გაფრთხილებისა და მონიტორინგის სისტემები, რომელიც სტიქიის შემთხვევაში ტრაგედიებისაგან დამზღვევ მექანიზმად გამოიყენება.

„გეოლოგიური პროცესების ინსტრუმენტული მონიტორინგული სისტემების მოწყობა დაიწყო 2014 წლიდან. დღევანდელი მდგომარეობით, მონიტორინგის სისტემები ქვეყნის მასშტაბით გვაქვს 18 უბანზე. მათგან 11 მოეწყო 2022-2023 წლებში", - განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

შეგახსენებთ, 2018 წლის 6 ივლისს იმ დროისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც თქვა, რომ 2-3 წელიწადში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა ექნება.

მინისტრთა კაბინეტის წევრები, მაშინ სპეციალისტებთან ერთად, მდინარე ნენსკრაზე მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგებს ადგილზე ეცნობოდნენ. ამჟამად დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერია.

თამარ მუკბანიანი