ნოდარ ხადური ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ხადურმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და "ევროპის საინვესტიციო ბანკს" შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თბილისში "ევროპის საინვესტიციო ბანკის" რეგიონალური წარმომადგენლობის ოფისის გახსნის მნიშვნელობას როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის.

სამინისტროს განმარტებით, ბანკის მხრიდან სწორედ თბილისიდან მოხდება რეგიონული პროექტების განხორციელება. რეგიონული ოფისის გახსნით, შესაძლებელი იქნება EIB-ის გააქტიურება საინვესტიციო პროექტების დაფინანსების კუთხით როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.  "ევროპის საინვესტიციო ბანკი", რომელიც ევროგაერთიანების ბანკს წარმოადგენს, პირველ ეტაპზე დაფარავს კავკასიას, ხოლო შემდეგ მისი სხვა ქვეყნებში გაფართოება იგეგმება. დღევანდელი ღონისძიებით დადასტურდა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს რეგიონული ჰაბის, რეგიონული ცენტრის ფუნქციას. აღსანიშნავია, რომ "ევროპის საინვესტიციო ბანკს" ნახევარ მილიარდ ევრომდე აქვს ინვესტირებული საქართველოში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. "ევროპის საინვესტიციო ბანკის" წარმომადგენლობის გახსნა თბილისში, ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიციების მოზიდვას, ამავე დროს, ასეთი ტიპის ღონისძიებების საშუალებით, საქართველოს ცნობადობა და უცხოელი ინვესტორების დაინტერესება იზრდება", - განაცხადა ხადურმა.

EIB-ის ვიცე-პრეზიდენტის ვილჰელმ მოლტერერის თქმით კი, საქართველო არის რეგიონული ჰაბი და მათი წარმომადგენლობის გახსნა თბილისში ამის დადასტურებაა. "საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროპასთან ურთიერთობის ნათელი პერსპექტივა და ბიზნესის განვითარების კუთხით დიდი პოტენციალი. ჩვენი წარმომადგენლობა თბილისში შესაძლებლობას აძლევს სამთავრობო და კერძო სექტორს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერსპექტივა უკეთ გამოიყენონ. ფინანსთა სამინისტრო "ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის" მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ შევთანხმდით იმ პრიორიტეტებზე, რომელსაც მხარს ვუჭერთ: ესაა ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მუნიციპალური განვითარება, სოფლის მეურნეობა, მცირე და საშუალო ბიზნესი. ევროპის საინვესტიციო ბანკი მომავალშიც მზადაა აქტიური დახმარება გაუწიოს ჩვენ პარტნიორ ქვეყანას", - აღნიშნა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და ქვეყნის დახმარების გაგრძელების სამომავლო პერსპექტივა განიხილეს.