ვასო ურუშაძე - ადამიანები საბჭოური წარმოების ტექნიკის იმედად არიან დარჩენილები

სამწუხაროდ, ჩვენ ვიქეცით ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ჟამთააღმწერლებად კორუმპირებული ხელისუფლების გამო - ადამიანები საბჭოური წარმოების ტექნიკის იმედად არიან დარჩენილები,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, 13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფრისთვის მოიცალა, რაც ეხებოდა მათ პირად კომფორტს და ვერ შეიძინა ელემენტარული ტექნიკა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვიქეცით ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ჟამთააღმწერლებად, რადგან გვყავს კორუმპირებული ხელისუფლება. 11 წელია „ქართული ოცნება“ მართავს საქართველოს. 8 წელი გავიდა 13 ივნისის ტრაგედიიდან მაშინ, როცა ვერტმფრენის არსებობა პირდაპირ იყო დაკავშირებული ადამიანების სიცოცხლესთან, მათ ჯანმრთელობასთან, მათ უსაფრთხოებასთან და ამ 8 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფრისთვის მოიცალა, რაც ეხებოდა მათ პირად კომფორტს, მათ პირად კეთილდღეობას, მათ კორუფციულ ინტერესებს და ვერ შეიძინა ელემენტარული ტექნიკა, რომელიც უკავშირდება მაღალტექნოლოგიური მაჩვენებლების სამაშველო ვერტმფრენს. მაშინ, როცა მილიარდობით ლარი მოიპარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან; 800 მილიონი ლარი მოიპარეს დღგ-დან; 700 მილიონი ლარი მარტო ინფრასტრუქტურის სამინისტროში გრიგოლეთი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოიპარეს; 110 მილიონი ლარი ხულო-ზარზმის მშენებლობაზე; 105 მილიონი ლარი ზესტაფონი- ჩუმათელეთი -ხარაგაულის გზის მშენებლობაზე და აი, ეს ხელისუფლება დღეს გამოდის და გვესაუბრება, რომ ოპოზიციამ, კრიტიკულმა მედიამ ნაკლები შეკითხვები დასვას. ადამიანები არიან დარჩენილები საბჭოური წარმოების ტექნიკის იმედად, „მი-8“ ტიპის ვერტმფრენების იმედად, რომელიც თავად დასახმარებელი ხდება უმრავლეს შემთხვევაში და ამის არაერთი დადასტურებული მაგალითი გვაქვს. ეს ვერტმფრენები არა თუ სამაშველო ოპერაციაში, არამედ ექსპლუატაციასაც არ ექვემდებარება და ამას ამბობს ევროკავშირი, ამას ამბობს ცივილიზებული სამყარო, რომ ეს ვერტმფრენები აღარ არის უსაფრთხო ფრენისთვის, არათუ სამაშველო ოპერაციებისთვის. როცა დღეს ჩვენი ხელისუფლება ამაყობს ბიუჯეტის ზრდით, ამაყობს ეკონომიკური აღმავლობით, ქვეყანას ელემენტარული სახელმწიფოს უსაფრთხოების სტანდარტები არ გააჩნია და არ გააჩნია ვერტმფრენი. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ დღეს ხელისუფლებაში იყოს „ნაციონალური მოძრაობა“, ხელისუფლებაში იყოს მიხეილ სააკაშვილი და 8 წელი გადიოდეს ისეთი ტრაგედიიდან, როგორიც არის 13 ივნისი და ქვეყანას არ ჰქონდეს სამაშველო ვერტმფრენი“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 7 პირი.