ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის დიღომში მშენებარე საცურაო აუზი დასრულდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი ლოდიამ თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის, დიღომში, ამერიკის საელჩოს გვერდით მდებარე მშენებარე საცურაო აუზი დაათვალიერა.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, საცურაო აუზი, რომელსაც სამინისტროს მეთვალყურეობით სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო შპს "სპორტმშენსერვისი" აშენებდა, დასრულდა. სამინისტროს ცნობით, საცურაო აუზი წინასწარ განსაზღვრული დროის მიხედვით აშენდა, დარჩენილია მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალებების გაკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომელზეც მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. უახლოეს პერიოდში აუზი სატესტო რეჟიმში გადავა.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, აკაკი ლოდიას მასპინძლობა "სპორტმშენსერვისის" დირექტორმა ლევან ტარყაშვილმა გაუწია. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საცურაო აუზი, რომელშიც შესაძლებელი იქნება წყალბურთის, ცურვის, სინქრონული ცურვის და წყალში ხტომის ტურნირების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და თავისუფლად შეეძლება ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობა.