„არ დაუკვირდნენ და ორი მდინარე აერიათ - დღვიორა წელიწადში 2-ჯერ/3-ჯერ ხასიათდება ღვარცოფული ნაკადებით“ - რას აცხადებენ გარემოს სააგენტოში 2021 წლის ბიულეტენზე

შოვის ტრაგედიის შემდეგ სოციალურ ქსელსა თუ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის გეოლოგიური ბიულეტენი, სადაც საუბარი იყო შოვში ღვარცოფული პროცესების აქტიურობაზე.

აღნიშნულ ბიულეტენთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ ბიულეტენში საუბარია მდინარე დღვიორაზე და არა მდინარე ბუბისწყალზე, რომელმაც გამოიწვია 3 აგვისტოს შოვში ტრაგედია.

„ცალკეულმა პირებმა თუ სააგენტოებმა ვერ განსაზღვრეს მდინარე დღვიორა და მდინარე ბუბისწყალი. მდინარე დღვიორა წელიწადში ორჯერ-სამჯერ ღვარცოფული ნაკადების გავლით ხასიათდება და 10 წლის უკან სერიოზული ზიანი მიაყენა კურორტ შოვის ტერიტორიას. სწორედ ამ მდინარე დღვიორაზეა საუბარი გარემოს სააგენტოს 2021 წლის ბიულეტენში.

რაც შეეხება ახლანდელ სტიქიას, ეს არის მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი, სადაც არასოდეს არ დაფიქსირებულა ღვარცოფების გავლა. პირიქით კომუნისტების დროს მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს და ძველი კალაპოტის ადგილას კოტეჯები აშენდა, რადგან მაშინ არ იყო ღვარცოფების საშიშროება, რადგან მყინვარების დნობის პროცესი არ მიმდინარეობდა. ბოლო 10-15 წლის მანძილზე კი, არა მარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში აქტიურ ფაზაში შევიდა მყინვარების დნობის პროცესი. შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ანგარიშში, რომელიც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, არ დაუკვირდნენ და აერიათ ეს ორი მდინარე. 1 არის მდინარე ბუბისწყალი მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი, სადაც ახლა მოხდა სტიქია და არასდროს დაფიქსირებულა ღვარცოფული ნაკადები, ხოლო მეორე არის მდინარე დღვიორა მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადი, სადაც წელიწადში ორჯერ-სამჯერ შეიძლება მოხდეს ღვარცოფი. სწორედ ამ მდინარე დღვიორაზე გვაქვს საუბარი 2021 წლის ბიულეტენში,“- აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

იხილეთ ამავე თემაზე - ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ცენტრალურ გზას და შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის გეოლოგიური ბიულეტენი

თაია არდოტელი