საქართველოში 3 ათასზე მეტი ეროზიულ-ღვარცოფული კერაა - შოვში რაც მოხდა ეროზიული პროცესების შედეგია, რომელიც ტყის მასიური გაკაფვის შედეგად ჩნდება - ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი

„ეს ყველაფერი არის ეროზიული პროცესების შედეგი, რომელიც ჩნდება ტყის მასიური გაკაფვის შედეგად“, - ასე აფასებს "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი, ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი გივი გავარდაშვილი 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებას.

მისივე თქმით, საქართველოში დაახლოებით 3 ათასზე მეტი ეროზიულ-ღვარცოფული კერაა, საიდანაც ჩვენ ქვეყანას საშიშროება ემუქრება.

„ეს არა მხოლოდ შოვის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიაა, რომელსაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველოში დაახლოებით, 3 ათასზე მეტი ეროზიულ-ღვარცოფული კერაა, საიდანაც საქართველოს ემუქრება საშიშროება. თუ არ გაძლიერდება ამ ეროზიული ღრანტეების მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიბები, ეს სტიქიები კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით უფრო გაძლიერდება.

მდინარე რიონის აუზი ერთ-ერთი ეროზიულ-ღვარცოფულ-აქტიურ კერად გვევლინება. კონკრეტულად შოვის ტრაგედიას თუ განვიხილავთ, მნიშვნელოვანია, რომ ეს მდინარე სათავეს იღებს მყინვარიდან, რომელიც მოედინება შემდეგ ქვედა წელში 12 კმ სიგრძეზე, მთის ეს ფერდობები არის ეროზირებული. ასეთ ტერიტორიებს ჩვენ ეროზიულ ღრანტეებს ვეძახით, სადაც ხდება ღვარცოფული მასის ფორმირება და შემდეგ მდინარის კალაპოტში დაგროვება.

ამ შემთხვევაში ჩვენ კომპლექსურ სტიქიასთან გვაქვს საქმე - ეს არის დნობის შედეგად მყინვარიდან წამოსული წყლის მასა, შემდეგ წარმოიქმნა მეწყერი, შემდეგ ეს გრუნტის მასა ჩამოვიდა მდინარის კალაპოტში, მოხდა ბუნებრივი ზღუდარის შექმნა. წყლის მასის შედეგად, რომელიც მდინარეში დაგროვდა მოხდა ამ ბუნებრივი ზღუდარის განგრევა და წარმოიშვა ღვარცოფული პროცესები. ეს ყველაფერი არის ეროზიული პროცესების შედეგი, რომელიც ჩნდება ტყის მასიური გაკაფვის შედეგად.

ჩვენი ინსტიტუტი თითქმის 100 წელია იკვლევს ამ პროცესებს, შესწავლილი გვაქვს მათ შორის რიონის წყალშემკრები აუზიც, აქ ძირითადი მიზეზი მაინც არის ბუნებრივი საფარის განადგურება,“- განაცხადა გავარდაშვილმა.

თაია არდოტელი