თბილისის მერიამ, ენერგეტიკის სამინისტრომ და INOGATE-მ მემორანდუმი გააფორმეს

თბილისის მერიას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ევროკავშირის პროგრამა INOGATE-ის ტექნიკურ სამდივნოს შორის მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნის მიზნით თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და INOGATE-ის ტექნიკური სამდივნოს ხელმძღვანელმა ადრიან ტუმმა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნის ძირითადი მიზანი მდგრადი ენერგეტიკის პოპულარიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ცენტრი აქტიურად იმუშავებს დონორ ორგანიზაციებთან და მოიზიდავს საგრანტო დაფინანსებას ენერგოეფექტური და მდგრადი ენერგეტიკის სხვადასხვა პროექტებისა და ღონისძიებების დასაფინანსებლად. "თბილისი ევროკავშირის ინიციატივის - "მერების შეთანხმების" ხელმომწერი ქალაქია, შესაბამისად, მთელი რიგი ვალდებულებები გვაქვს აღებული. მათ შორის, ერთ-ერთი ვალდებულებაა მდგრადი ენერგეტიკის პოპულარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობის შესახებ. მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება "მერების შეთანხმების" ვალდებულების ფარგლებში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, ცენტრის გახსნით სივრცე შეიქმნება, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების შესახებ ინფორმაციისა და გარკვეული კონსულტაციის მიღება, ასევე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების, მოწყობილობების, ექსპონატების, საინფორმაციო მასალების ადგილზე გაცნობა და დათვალიერება.

ცენტრი ფუნქციონირებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყებს.