საქართველოს ბიზნეს ასოციაცია რაჭაში განვითარებული სტიქიური უბედურების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ საჭიროები შემთხვევაში, მზად არის გარდაცვლილთა ოჯახებს უმასპინძლოს.
როგორც ასოციაციის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებსა და შეიარაღებული ძალების შესაბამის ქვედანაყოფებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდიან.
„გვინდა, კიდევ ერთხელ, გამოვხატოთ ჩვენი თანაგრძნობა რაჭაში სტიქიით დაზარალებული ოჯახების მიმართ. დარწმუნებული ვართ, ყველანი ერთად შევძლებთ ამ უდიდეს გამოწვევასთან გამკლავებას.
მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ იმ მძიმე შრომას, რასაც უკვე რამდენიმე დღეა ჩვენი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გადიან, შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებთან ერთად. იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ამ პროცესებში, ფასდაუდებელი და უზომოდ დიდია, რადგან ამ უმძიმეს პირობებში, სწორედ მათ დაუღალავ შრომაზეა დამოკიდებული დაკარგული ადამიანების სიცოცხლე.
საჭიროების შემთხვევაში, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ ჩავერთოთ ნებისმიერ პროცესში, რადგან ამ კრიტიკულ სიტუაციაში, ტრაგედიის მასშტაბებიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის გვერდში დგომა და მხარდაჭერაა.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, მათი უმძიმესი მდგომარეობის გამო.
ვიმედოვნებთ, რომ სამაშველო-სამძებრო ქმედებებში ჩართული ადამიანების ძალისხმევით დროულად მოხერხდება დაკარგული ადამიანების პოვნა და მათი გადარჩენა", - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.