სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში 8 განაცხადი დაამტკიცა

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში 8 განაცხადი დაამტკიცა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში 61.94 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. რვა ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში დაფინანსება მიიღო.

დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ გიორგი თეთრაძემ და პროგრამის "დანერგე მომავალი" მენეჯერმა ლევან დოლიძემ ქარელის რაიონის სოფელ ბებნისში პროგრამაში მონაწილე გიორგი მამესწარაშვილის ბაღის გაშენების პროცესი დაათვალიერეს და პროექტში მონაწილე ბენეფიციარებს შეხვდნენ.

გიორგი მამესწარაშვილი ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარია, რომელიც პროგრამაში "დანერგე მომავალი" ჩაერთო და 15 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 88 ათასი ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.  შიდა ქართლში, ქარელსა და გორში 61.94 ჰა მიწის ფართობზე მაისის ბოლომდე ვაშლი, ატამი, ქლიავი და ბალი გაშენდება. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის ექვსივე ბენეფიციარმა ჯამში 450, 524 ლარის დაფინანსება მიიღო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის "დანერგე მომავალი" განხორციელება თებევრლის ბოლოდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:

ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;

სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს.

პროექტის "დანერგე მომავალი" განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000-1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30-40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.