საგადასახადო შეღავათი დაახლოებით 1500 დაჯარიმებულ ავტოიმპორტიორს შეეხება

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი შეღავათი დაახლოებით 1500 დაჯარიმებულ ავტოიმპორტიორს შეეხება. თანხა კი, რომელიც მათ ამჟამად სანქციის სახით აკისრიათ, 140 000 ლარამდეა. აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მიაწოდა.

მთავრობის ინიციატივით "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილებება არის ის, რომ პირები, რომლებიც ფლობენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2015 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, თავისუფლდებიან საგადასახადო სანქცია-საურავებისგან იმ შემთხვევაში, თუ 2015 წლის 1-ელ სექტემბრამდე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების წარდგენას და გაფორმებას უზრუნველყოფენ. "ეს არ არის ერთადერთი შეღავათი, რომელსაც ავტოიმპორტიორები მიიღებენ. მათთვის განბაჟების 45-დღიანი ვადა გაზრდილია 60 დღემდე. გარდა ამისა მცირდება საბაჟო საწყობში შენახვის თანხები. პაკეტი ავტოიმპორტიორებს შესაძლებლობას მისცემს, დააბალანსონ ზარალი, რომელიც მათ მიიღეს", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.