რამდენად რეალურია საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზება?

ევროპის საკმაოდ ბევრ ქვეყანაში პროსტიტუცია ლეგალიზებულია და ქვეყნის ეკონომიკაში საკუთარი წვლილი შეაქვს. უხსოვარი დროიდან კომერციული სექსი საკმაოდ შემოსავლიანი საქმე იყო, თუმცა მაშინაც და ახლაც ამ უძველესი პროფესიის მიმართ მსოფლიო სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა დამოკიდებულება იყო და ამ საქმიანობას მომხრე-მოწინააღმდეგები არ ელეოდა. ბოლო პერიოდში ამ არცთუ პრესტიჟული ბიზნესის მიმართ ქვეყნების დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა. დღესდღეობით ევროპის საკმაოდ ბევრ ქვეყანაში პროსტიტუცია ლეგალიზებულია და ფინანსური თვალსაზრისითაც ქვეყნის ეკონომიკაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

ცხადია, ამას ჩვენს ქვეყანაზე ვერ ვიტყვით, სადაც პროსტიტუცია კანონით აკრძალულია, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, ეს ბიზნესი მაინც ყვავის. დედაქალაქსა თუ სხვა ქალაქებში საროსკიპოები საგრძნობლად მომრავლებულ ჩინურ-ტაილანდური მასაჟების სალონებს, სასტუმროებსა და ზოგიერთ ბარ-რესტორნებს ამოფარებული მუშაობენ. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ ცირკის ტერიტორია კარგა ხანია, რაც ბავშვებისთვის გასართობი ადგილის ნაცვლად, სექს-მუშკების "სამსახურთან" ასოცირდება.

რა სიტუაციაა ამ მხრივ ევროპაში? საერთო სურათი ასეთია: ქვეყნების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ებრძვის პროსტიტუციას, სხვები კი მის ლეგალიზებას ამჯობინებენ, რასაც ქვეყნის ბიუჯეტისთვის დამატებითი სახსრების მოზიდვით ხსნიან. ძირითადი ქვეყნები, სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებულია, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, ავსტრალია, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია და იტალიაა. ერთი სიტყვით, პროსტიტუცია ნელ-ნელა ჩრდილიდან გამოდის. მეტიც, ცდილობს კონკურენცია გაუწიოს ტრადიციული ბიზნესის სფეროებსაც. მსოფლიოში კარგად ცნობილი ბორდელის Daily Planet-ის მფლობელებმა, რომელიც მელბურნში მდებარეობს, ბორდელების აქციებით ვაჭრობა დაიწყეს. საერთო ჯამში, მათი ფასიანი ქაღალდების ფასი არცთუ მაღალია - 2, 4 მილიონი დოლარი. თუმცა, გაჩერებას არ აპირებენ.

ზემოჩამოთვლილ ქვეყნებში სექს-ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საზოგადოებრივ ადგილებში სპეციალური შენობებია გამოყოფილი, სადაც სექს-მუშაკები კლიენტს ფულის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას სთავაზობენ. ამ მხრივ ნიდერლანდები და გერმანია ლიდერობს. პრაქტიკულად, ეს ქვეყნები საერთაშორისო სექს-ტურიზმის ამოსავალ წერტილად ითვლება. ხოლო ამსტერდამში, რომელიც ცნობილია პროსტიტუციის ღია ფანჯარად, ამ საქმიანობას მწვანე შუქი აქვს ანთებული. მეტიც, სექს-მუშაკებს აქ ძეგლებსაც უდგამენ.  თუმცა, არიან ქვეყნები, რომლებიც მკვეთრად გაემიჯნენ პროსტიტუციის ლეგალიზებას და ეს ფაქტი ღიად დააფიქსრეს - დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და საფრანგეთი.

როგორ ითვლიან პროსტიტუციიდან შემოსულ ფულს?

შარშან, პირველად დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არალეგალური ბიზნესიდან შემოსული თანხების ბრუნვის მონაცემებს, ქვეყნის ოფიციალურ სტატისტიკაში ასახავს. ამგვარად, 2014 წელს ამ გზით დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში 10 მილიონი ფუნტი შევიდა. მომავალში იგეგმება არალეგალური შრომის, აზარტული თამაშების, პირატული დისკების ვაჭრობისა და მოპარული ნივთებით შემოსული თანხების დათვლა.

ევროსაბჭოს სტატისტიკის სამსახურის სპეციალისტებმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური სახელმძღვანელო შეიმუშავეს, რომელიც ქვეყნებს არაკანონიერი გზით შემოსული მოგების გაზომვაში დაეხმარება. მასში ხაზგასმულია, რომ არალეგალური ნარკოტიკები და პროსტიტუციის გამოყენება კერძო პირების მიერ ხდება და არა -კომპანიების. აქედან გამომდინარე მიიჩნევენ, თუ ამ თანხების დათვლა არ მოხდება, მაშინ გაუგებარი იქნება ქვეყანაში რა რაოდენობის თანხა გამომუშავდა უკანონო ნარკოტიკული საშუალებებისა და სექს-ინდუსტრიის სფეროში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მნიშვნელობა არ აქვს შემოსავლის წყარო დაფარულია თუ არა, არაკანონიერი გზით მიღებული თანხაც ქვეყნის ეკონომიკაში ისევე ცირკულირებს, როგორც კანონიერი გზით მოპოვებული.

რამდენად რეალურია საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზება? bpn.ge-თან საუბარში იურისტი, უფლებადამცველი ციალა რატიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზების ალბათობა ძალიან დაბალია. "ცხადია, ჩვენს ქვეყანაში სექს-მუშაკების პრობლემა დგას, მათი უფლებები ირღვევა, მაგრამ პროსტიტუციის ლეგალიზების შემთხვევაში, შესაძლოა, სხვა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ. ამით შეიძლება ხელი შევუწყოთ ტრეფიკინგის დაკანონებას. ნურც ერთი ქვეყანა ნუ იტყვის, რომ პროსტიტუციის ლეგალიზების შემთხვევაში, ტრეფიკინგის პრობლემა მოხსნილია. ჩვენს ქვეყანაში ლეგალური ბორდელით ძალიან მცირე ნაწილი ისარგებლებს, რადგან ასეთი სახის ურთიერთობის აფიშირებას ყველა ერიდება. ქვეყანაში ჩამოსულმა უცხოელმა შეიძლება ამგვარი საროსკიპოებით ისარგებლოს, ფულიც გადაიხადოს, მაგრამ საერთო ჯამში, ამ სისტემის მოსაწესრიგებლად გაწეული ხარჯი სახელმწიფოს იმაზე ბევრად მეტი დაუჯდება, ვიდრე პროსტიტუციის გზით შემოსული თანხების რაოდენობა", - განაცხადა ციალა რატიანმა.

სალომე გოგოხია