თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, მისი ქვეყანა რუსეთის მიერ გაუქმებული მარცვლეულის შეთანხმების აღდგენას შეეცდება.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალური ანკარისთვის მთავარ პრიორიტეტს შავი ზღვის რეგიონში სიმშვიდის შენარჩუნება წარმოადგენს.
„ჩვენ გავაგრძელებთ კონტაქტებს ყველა მხარესთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღსადგენად, რადგან ეს მთელს მსოფლიოს ეხება და ამჟამად თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია", - განაცხადა ფიდანმა.
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა მარცვლეულის შეთანხმების და რუსეთის პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტის საკითხები განიხილეს.