თბილისის ძვირად ღირებული კერძო უნივერსიტეტები

საქართველოში კერძო უნივერსიტეტების სწავლის საფასური სახელმწიფო უნივერსიტეტების ფასს ბევრად აღემატება. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც, აბიტურიენტთა დიდი ნაწილი ძვირად ღირებულ კერძო უნივერსიტეტში ჩაბარებისგან თავს იკავებს. bpn.ge შეეცადა გაერკვია, რომელია ყველაზე ძვირადღირებული კერძო უმაღლესი სასწავლებელი და რა პირობებს სთავაზობენ აბიტურიენტებს, სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან განსხვავებით.

"თავისუფალი უნივერსიტეტი" საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი კერძო უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც საქართველოში 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს. "თავისუფალი უნივერსიტეტი" სულ 7 სკოლას აერთიანებს, აქედან 6 სკოლაში სწავლის წლიური საფასური 6950 ლარს შეადგენს. თუ ბიზნეს სკოლაში (ESM) მოისურვებთ სწავლის გაგრძელებას, 7850 ლარის გადახდა მოგიწევთ. უნივერსიტეტი ორიენტირებულია ინოვაციებსა და პრაქტიკაზე. აღსანიშნავია, რომ "თავისუფალ უნივერსიტეტში" აბიტურიენტთა დიდი ნაწილი 100%-იანი და 70%-იანი დაფინანსებით ირიცხება.

"კავკასიის უნივერსიტეტი"-ერთ-ერთი პრესტიჟული და მოთხოვნადი კერძო უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, რომელიც ცხრა სკოლას აერთიანებს. სწავლის საფასური უნივერსიტეტში წლიურად 5900 ლარს შეადგენს. სახელმწიფო გრანტის მოპოვებასთან ერთად, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ უნივერსიტეტის გრანტი მიიღონ და სწავლის გაგრძელება შეღავათიან ფასად შეძლონ.

"ქართულ-ამერიკული" უნივერსიტეტი (GAU)-საქართველოში 2001 წელს დაარსდა და 5 სხვადასხვა სკოლას აერთიანებს. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველები "გაუში" მიღებული ცოდნის საფუძველზე მარტივად ახერხებენ ჩაბარებას ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. სწავლის საფასური 4000 ლარიდან 6000 ლარამდე მერყეობს.

"შავი ზღვის საერთაშორისო" უნივერსიტეტი პოპულარული და სანდო კერძო უმაღლესი სასწავლებელია. წლიური სწავლის საფასური 2 940 ლარიდან იწყება და მისი მაქსიმალური ფასი 5 100 ლარს შეადგენს.

ძვირად ღირებულ კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის მოხვდა საქართველოს უნივერსიტეტი და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ), სადაც სწავლის ღირებულება რამდენიმე ათასს აჭარბებს.

თიკო გურაშვილი