მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ახალი მაჩვენებლის თანახმად, ექსტრემალურმა ამინდმა, კლიმატმა და წყალთან დაკავშირებულმა მოვლენებმა 1970-დან 2021 წლამდე 11 778 სტიქიური უბედურება გამოიწვია, რომლის დროსაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო გლობალურ ეკონომიკას 4,3 ტრლნ დოლარის ზარალი მიადგა. მონაცემები WMO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
მხოლოდ 2020 და 2021 წლებში სტიქიური უბედურებით გამოწვეული სიკვდილიანობის სულ 22 608 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, WMO-ს დასკვნით, წინა ათწლეულის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, სიკვდილიანობის შემდგომ შემცირებაზე მიუთითებს. თუმცა გაიზარდა ეკონომიკური ზარალი, რომლის უმეტესობაც ქარიშხლის კატეგორიას მიეკუთვნება.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელიც 1970-2019 წლების პერიოდს ეხებოდა, ეკონომიკური ზარალი 3 ტრლნ ევროზე მეტს შეადგენდა. ამჯერად WMO შენიშნავს, რომ, მართალია, ეკონომიკური ზარალი გაიზარდა, მაგრამ გაფრთხილების გაუმჯობესებულმა ადრეულმა სისტემებმა, სტიქიური კატასტროფების მართვის კოორდინირებულმა მენეჯმენტმა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ადამიანთა მსხვერპლი შეამცირა. სტიქიური უბედურებების შედეგად მსოფლიოში დაფიქსირებული სიკვდილიანობის 90%-ზე მეტი განვითარებად ქვეყნებში მოხდა.
51 წლის განმავლობაში მხოლოდ აშშ-მა 1,7 ტრლნ დოლარის ზარალი განიცადა, რაც მსოფლიო ეკონომიკური ზარალის 39%-ს შეადგენს. ნაკლებად განვითარებულმა ქვეყნებმა და მცირე კუნძულოვანმა განვითარებადმა სახელმწიფოებმა, მათი ეკონომიკის ღირებულებასთან შედარებით, არაპროპორციულად მაღალი ზარალი განიცადეს.
სტიქიური მოვლენების შედეგები რეგიონების მიხედვით 1970-დან 2021 წლამდე:
WMO-მ ეს მაჩვენებლები სიკვდილიანობისა და ეკონომიკური დანაკარგების ატლასის (Atlas of Mortality and Economic Losses) ფარგლებში განაახლა, რომელიც 50-წლიანი პერიოდის ამინდის, კლიმატისა და წყლის ექსტრემალურ მოვლენებს ეხება. წინა ანგარიში 1970-2019 წლებს მოიცავდა.
WMO-მ ახალი დასკვნა მსოფლიო მეტეოროლოგიური მე-19 კონგრესისთვის გამოსცა, რომელიც 22 მაისი-2 ივნისის პერიოდში გაიმართა. კონგრესი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ