რამდენად გაუძვირდათ რუს ტურისტებს წლევანდელი ზაფხული საქართველოში - რუსეთის მეზობელი ქვეყნების საზაფხულო რეიტინგი

საქართველოში რუსი ტუსრისტებისთვის საცხოვრებლის დღიური ჯავშნის ღირებულება ზაფხულის სეზონზე, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 58%-ით გაძვირდა. დღეღამის ქირის საშუალო ფასი 3740 რუბლი, ანუ 102 ლარია. ამის შესახებ TASS-ს ონლაინ დაჯავშნის რუსული სერვის Sutochno.ru-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, იური კუზნეცოვმა განუცხადა.

ის ცალკე ასახელებს აფხაზეთის მაჩვენებელს, სადაც ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებლის დღიური ჯავშნის ფასი 31%-ით გაიზარდა და, საშუალოდ, 4160 რუბლს, 114 ლარს შეადგენს.

ყოველდღიური ჯავშნები ყველაზე ძვირი სომხეთში, უზბეკეთსა და ბელარუსშია. კერძოდ, სომხეთში ზაფხული სეზონზე საცხოვრებლის დღიური ქირა ერთ წელში 66%-ით გაიზარდა და 5520 რუბლი, ანუ 58 დოლარია, უზბეკეთში 4490 რუბლი, 47 დოლარი (+29%), ხოლო ბელარსში 4220 რუბლი, 44 დოლარია (+35).

რუსი ტურისტები საქართველოზე იაფად ჯავშნიან საცხოვრებელს ყაზახეთსა და ყირგიზეთში. ყაზახეთში საზაფხულო დღიური ქირა 3640 რუბლი, ანუ 38 დოლარი (+104%), ხოლო ყირგიზეთში 3520 რუბლი, 37 დოლარია (+85%).

ზოგადად, წლევანდელ ზაფხულს რუსეთის მეზობელ ქვეყნებში საცხოვრებლის დღიური ქირა, 2022 წლის ზაფხულთან შედარებით, 52%-ით არის გაზრდილი და, საშუალოდ, 4380 რუბლს (46 დოლარს) შეადგენს. სერვისს შედარებისთვის რუსეთის შიდა ფასები მოჰყავს, სადაც წლევანდელ ზაფხულს დღიური დასასვენებელი ქირა, საშუალოდ, 3910 რუბლია (41 დოლარია), რაც შარშანდელზე 15%-ით მეტია.

Sutochno.ru-ს მონაცემებით, ყველაზე ხანგრძლივი, ანუ 7-8 დღიანი მოგზაურობისთვის რუსები საქართველოს ირჩევენ, რის შემდეგაც კვლავ ცალკე არის დასახელებული აფხაზეთი, სადაც სამოგზაურო ვადა, ასევე, 7-8 დღეს შეადგენს. შემდეგ მოდის სომხეთი, სადაც რუსი ტურისტები, საშუალოდ, ხუთი დღით ჩადიან, უზბეკეთსა და ყაზახეთში ოთხი დღით, ხოლო ბელარუსსა და ყირგიზეთში სამი დღით მოგზაურობენ.

ამასთან, რუსი ტურისტების პოპულარულ მიმართულებებში რუსეთის მეზობელ ქვეყნებს შორის სერვისი ლიდერ სამეულში ბელარუსს, შემდეგ კი მეორე-მესამე ადგილებზე ცალ-ცალკე აფხაზეთსა და საქართველოს ასახელებს. კერძოდ, Sutochno.ru-ის მონაცემებით, ბელარუსში რუსი ტურისტების ჯავშნების ჯამური რაოდენობის წილი 55,1%-ია, აფხაზეთში 24,9%, ხოლო (დანარჩენ) საქართველოში 11,4%-ია. ყაზახეთს ჯავშნებში 3,8%-იანი, სომხეთს 2,7%-იანი, აზერბაიჯანს 1,1%-იანი, ყირგიზეთს 0,6%-იანი, უზბეკეთს კი 0,4%-იანი წილი უკავია.

რუსი ტურისტები იჯარაში ყველაზე მეტს, კერძოდ, 33 610 რუბლს, ანუ 921 ლარს (+36%) აფხაზეთში, ხოლო 24,600 რუბლს, 674 ლარს (+57%) დანარჩენ საქართველოში მოგზაურობისთვის ხარჯავენ. აზერბაიჯანში (+61%) და სომხეთში (+10% ) რუსები სათითაოდ 27900 რუბლს (293 დოლარს), უზბეკეთში 17500 რუბლს, ანუ 184 დოლარს (+33%), ყაზახეთში 14200 რუბლს, 149 დოლარს (+82% %), ყირგიზეთში კი 11900 რუბლს, 125 დოლარს (+86%) ხარჯავენ.