WMO - გლობალური ტემპერატურა უახლოეს ხუთ წელიწადში ახალ რეკორდს მოხსნის

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) განახლებული პროგნოზით, გლობალური ტემპერატურა მომდევნო ხუთ წელიწადში რეკორდულ დონემდე მოიმატებს, რაც სითბური გაზების ემისიებითა და ბუნებრივად წარმოქმნილი ელ-ნინიოს (ესპ. El Niño) მოვლენით არის გამოწვეული.

El Niño არის ანომალური და გლობალური კლიმატური მოვლენა, კერძოდ, თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. ის სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ ჩნდება და, სულ ცოტა, ერთი წელი არის გაბატონებული.

WMO-ს პროგნოზით, არსებობს 66%-იანი ალბათობა იმისა, რომ 2023-2027 წლებში, მინიმუმ, ერთი წლის განმავლობაში საშუალო წლიური ზედაპირული გლობალური ტემპერატურა პრეინდუსტრიულ დონეზე 1,5°C-ით მეტი იქნება. ამასთან, 98%-იანი ალბათობით, მომდევნო ხუთი წლიდან, მინიმუმ, ერთი წელი და, მთლიანობაში, ხუთწლიანი (2023-2027) პერიოდი ყველაზე თბილი იქნება. კერძოდ, მომდევნო ხუთ წელიწადში ერთი წელი მაინც მოხსნის ტემპერატურულ რეკორდს, რომელიც 2016 წელს განსაკუთრებულად ძლიერი El Niño-ს გამო დაფიქსირდა.

2022 წელს საშუალო გლობალური ტემპერატურა 1850-1900 წლების, ანუ სამრეწველო საქმიანობიდან სითბური გაზების გამოყოფამდე არსებულ საშუალო ტემპერატურას, დაახლოებით, 1,15°C-ით აღემატებოდა. გრძელვადიანი დათბობის ტენდენცია გასული სამი წლის განმავლობაში ლა-ნინიას (ესპ. La Niña) ცივმა გავლენამ დროებით შეაფერხა. La Niña წყნარი ოკეანის ტროპიკული ნაწილის უჩვეულოდ ცივი ტემპერატურების კლიმატური ფენომენია. თუმცა La Niña 2023 წლის მარტში დასრულდა და ამჯერად El Niño-ს თბილი გავლენა ვითარდება. როგორც წესი, El Niño გლობალურ ტემპერატურას მისი წარმოშობიდან ერთი წლის განმავლობაში ზრდის, რაც ამ შემთხვევაში 2024 წელს დადგება.

2023-დან 2027 წლამდე გლობალური საშუალო წლიური ზედაპირული ტემპერატურა 1850-1900 წლების საშუალო მაჩვენებელზე ყოველწლიურად 1,1°C-დან 1,8°C-ით მეტი იქნება.

არქტიკული დათბობა არაპროპორციულად მაღალი იქნება. პროგნოზირებულია, რომ ტემპერატურის ანომალია 1991-2020 წლების საშუალო გლობალურ მაჩვენებელზე სამჯერ მეტი იქნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ