პრეზიდენტმა მთავრობის პარლამენტში წარდგენა ერთი კვირით გადადო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს.

"პრემიერ-მინისტრმა წარმომიდგინა მთავრობის განახლებული შემადგენლობა იმისთვის, რომ წარვადგინო პარლამენტში. არსებულ ვითარებაში, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახეთ მინისტრების მყისიერი ცვლილება, როდესაც ვხედავდით, რომ ერთ-ერთ მინისტრი ამბობს, რომ არ მიდის პოსტიდან და მერე წავიდა, როდესაც ვიცოდით, რომ მხოლოდ 2 მინისტრი იცვლება და შეიცვალა - სამი, მე მრჩება შთაბეჭდილება რომ მთავრობა ცოტა ფორსმაჟორის რეჟიმში მუშაობს. მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. როგორც მთავარსარდალმა, მე მინდა დავსვა კითხვა - რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს? ამ რთული ვითარების ფონზე, მინდა მივცე შესაძლებლობა როგორც პრემიერს, ისე პარლამენტს, უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები. ვიყენებ კონსტიტუციით მონიჭებულ ერთადერთ შესაძლებლობას და ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.