თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდებულ მაჩვენებელს 3.5-ჯერ აღემატება

თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე საშუალოა, დედაქალაქის ჰაერის ხარისხის, ანუ AQI-ინდექსი კი 65-ია. ამის შესახებ მონიტორინგის სააგენტო IQAir-ის 2022 წლის რეიტინგში წერია, რაც მის ვებგვერდზე ვრცელდება.

შედარებისთვის: 140-იანი AQI-ინდექსის მქონე ჩილეს დედაქალაქი, სანტიაგო მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქად დასახელდა. ინდექსის ეს მაჩვენებელი იმას ნიშნავს, რომ ჰაერი შესაძლოა, საზიანო იყოს ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის, გულისა და ფილტვების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც გარეთ მუშაობს.

თბილისში ჰაერის მთავარი დამაბინძურებლის, PM2.5 (Particulate Matter) მყარი ნაწილაკების ოდენობა 17.6 მკგ/მ³-ს (მიკროგრამ/კუბურ მეტრს) შეადგენს. PM 2.5 არის ჰაერში არსებული ყველაზე პატარა ნაწილაკები, რომლის ზომაც 0,001-დან 2,5 მიკრომეტრამდეა (მკმ). ისინი ჰაერში სხვადასხვა ქიმიური რეაქციებისა და სხვადასხვა ნივთიერების ნაერთების შედეგად წარმოიქმნება. მეგაპოლისებში ან მსხვილი სამრეწველო საწარმოების მახლობლად ჰაერი გაცილებით მეტ ასეთ დაბინძურებას შეიცავს.

სააგენტო, IQAir-ის ცნობით, ამჟამად თბილისში PM2.5-ის კონცენტრაცია 3.5-ჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის წლიურ რეკომენდებულ მაჩვენებელს, მაშინ, როცა სანტიაგოს PM2.5-ის კონცენტრაცია ჯანმო-ს გაიდლაინს 10,3-ჯერ აჭარბებს.

ზოგადად, საქართველოს მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქვეყნების 2022 წლის რეიტინგში ჰაერის ხარისხის საშუალო, ანუ 61 ინდექსი აქვს მინიჭებული და 132 ქვეყანას შორის 61-ე ადგილზეა. ზოგადად, PM2.5-ის კონცენტრაციის მხრივ 15.1-სა და 25 ქულას შორის მოხვედრილი ქვეყანა 3-დან 5-ჯერ აღემატება ჯანმოს გაიდლაინს, საქართველოს კი ამ მხრივ 17 ქულა აქვს მინიჭებული. ამდენად, 2022 წელს ქვეყანაში PM2.5-ის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჯანმო-ს ჰაერის ხარისხის წლიურ რეკომენდებულ მაჩვენებელს 3.4-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ეს მონაცემი არ შეცვლილა.

სააგენტო, IQAir საქართველოში 2022 წლის ყველაზე სუფთა ქალაქად, ჰაერის ხერისხის 55-იანი ინდექსით, ბათუმს, ხოლო ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად, 81-იანი ინდექსით, რუსთავს ასახელებს.

2022 წელს ჰაერის ყველაზე ცუდი ხარისხით შემდეგი 10 ქვეყანა გამოირჩეოდა:

  • ჩადი - AQI-ინდექსი 169
  • ერაყი -164
  • პაკისტანი -159
  • ბაჰრეინი -157
  • ბანგლადეში -156
  • ბურკინა ფასო -155
  • კუვეიტი -151
  • ინდოეთი -144
  • ეგვიპტე -128
  • ტაჯიკეთი -127

მსოფლიოში ყველაზე სუფთა ჰაერი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიშია, რომლის ჰაერის ხარისხის ინდექსი, PM2.5-ის კონცენტრაციის მხრივ, მხოლოდ 4-ს შეადგენს. მეორე ადგილზე 8-იანი ინდექსით აშშ-ის სან ფრანცისკო, ხოლო 9-იანი ინდექსით მესამე ადგილზე ნორვეგიის დედაქალაქი ოსლოა. აღსანიშნავია, რომ 14-იანი ინდექსით სუფთა ქალაქების ათეულში უკრაინის დედაქალაქი, კიევიც მოხვდა, რომელიც რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ