აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში 2015 წლის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში 2015 წლის სეზონისათვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეკლამო კამპანიები და პიარ აქტივობები 9 სამიზნე ქვეყანაში უკვე დაწყებულია. 1 აპრილიდან ივნისის შუა რიცხვებამდე სამიზნე ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, ისრაელი, ლატვია, უკრაინა) დაიწყო ინტენსიური კამპანიები, რომლებიც მოიცავს როგორც გარე რეკლამებს ხალხმრავალ ადგილებში (ბილბორდები, ავტობუსები, ეკრანები), ისე რადიო და სატელევიზიო სიუჟეტებს და ინტერნეტ რეკლამებს რეგიონის შესახებ. სარეკლამო კამპანიები ძირითადად სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებსა და ცენტრალურ ქალაქებს მოიცავს, მასში 20-ზე მეტი ქალაქია ჩართული.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადამინისტრაციასთან ერთად თუ დამოუკიდებლად, უკვე მიიღო მონაწილეობა სამიზნე ქვეყნების 15 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. აპრილის ბოლოს აჭარის ტურისტული პოტენციალი წარმოდგენილი იყო ყაზახეთის უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე KITF. უახლოეს დღეებში დეპარტამენტი დუბაის ტურისტულ გამოფენაზე - ATM 2015-ზე წარმოაჩენს აჭარა-ბათუმის ტურისტულ მიმართულებას. 2015 წლის ბოლომდე რეგიონი სულ 25-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, სამიზნე ქვეყნებში სარეკლამო კამპანიების ფარგლებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2015 წლის ბოლომდე 25 საინფორმაციო ტურს გაუწევს ორგანიზებას როგორც შიდა, ისე სამიზნე ქვეყნების ტურისტულ ბაზრებზე. კერძოდ, საქართველოს, ისრაელის, პოლონეთის, თურქეთის, ლიტვის, ბელორუსის, უკრაინის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის ტურ-ოპერატორებისა და ჟურნალისტებისთვის.

2015 წელს საინფორმაციო ტურების ფარგლებში აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობა 230-ზე მეტი ტურიზმის სფეროს პროფესიონალი (დაახლოებით 120 ჟურნალისტი, 110 ტურ-ოპერატორი).