Yandex-ის თანადამფუძნებელი რუსულ ბიზნესსა და წარმომავლობას გაურბის

Yandex-ის თანადამფუძნებელი, არკადი ვოლოჟი არ ეთანხმება რუსეთის გადაწყვეტილებას ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ და აცხადებს, რომ „Yandex-ში მისი ისტორია“ 2022 წლის თებერვლიდან დასრულდა. ამის შესახებ ნათქვამია ბიზნესმენის მიმართვაში, რომელიც TASS-მა მიიღო.

ვოლოჟი, ასევე, ამბობს, რომ ამჟამად იმ რუსი ინჟინრების მხარდაჭერით არის დაკავებული, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს. კერძოდ, მისი თქმით, 2022 წლის თებერვლიდან ფოკუსირებულია რუსი სპეციალისტების მხარდაჭერაზე, რომლებმაც საზღვარგარეთ „ახალი ცხოვრების დაწყება” გადაწყვიტეს.

„ეს არის რთული ამოცანა, რომელიც დიდ ძალისხმევას, ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს,” - ამბობს არკადი ვოლოჟი.

ის 2014 წელს ისრაელში გაემგზავრა.

ბოლო დღეებში მისი წარმომავლობა და საქმიანობა რუსული მედიის განხილვის საგნად იქცა. კერძოდ, ვოლოჟი თავის ვებგვერდზე რუს კი არა, ისრაელში მცხოვრებ ტექნოლოგიურ მეწარმედ სახელდება, რომელიც ყაზახეთში დაიბადა. ამასთან, სერვის Internet Archive-ის მონაცემებით, Yandex-ის თანადამფუძნებლის საიტზე რუსეთი, როგორც მისი ინტერესების სფერო, არსად არ არის ნაჩვენები და მხოლოდ ის არის მითითებული, რომ ბიზნესმენი რუსული IT-დისტრიბუტორ CompTek-ის შექმნაში მონაწილეობდა.

არკადი ვოლოჟმა Yandex-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი და საერთაშორისო შვილობილი კომპანიების მაღალი თანამდებობები 2022 წლის ივნისში, ევროკავშირის სანქციების სიაში მისი შეყვანის შემდეგ დატოვა. დეკემბრის ბოლოს ის თავის თანამშრომლებს დაემშვიდობა. კომპანიაში მაშინ აცხადებდნენ, რომ ვოლოჟი Yandex-ში გარე კონსულტანტის პოზიციაზეც კი არ იმუშავებდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ