Microsoft-ი რუსეთში ოპერაციული სისტემების ლიცენზიებს აღარ გააგრძელებს

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Microsoft-მა თავის რუს მომხმარებლებს შეტყობინება გაუგზავნა, რომლის თანახმად, კომპანია Windows-ის ოპერაციული სისტემების ლიცენზიების გაგრძელებას წყვეტს.

მხარდაჭერის ბოლო ვადა 30 სექტემბერია.

რუსული მედიის ცნობით, გამოწერები ამ ვადის ამოწურვამდე დარჩება ძალაში, მაგრამ მათი გახანგრძლივება შეუძლებელი იქნება.

შეტყობინებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ Microsoft-ი რუსეთში ახალი პროდუქტების გაშვებას, სერვისების გაყიდვას და თავისი საქმიანობის ბევრ პაკეტს წყვეტს, რაც ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაბამისად ხორციელდება.

მედიის ცნობით, ის ფაქტი, რომ Microsoft-ი რუსეთის კომპანიებს ლიცენზიებს აღარ გაუგრძელებს, ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო მნიშვნელოვანი განახლებების არარსებობას ნიშნავს. ამ ფონზე, რუსეთი უკვე განიხილავს ალტერნატიულ ოპერაციულ სისტემებზე გადასვლას, როგორებიც არის: Linux-ი ან macOS-ი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე Microsoft-მა რუსეთის ტერიტორიაზე სერვისების და საქონლის გაყიდვების დროებითი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.