Nikkei: მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წმინდა მოგება ჩინეთში სუსტი მოთხოვნის გამო შემცირდა

მსოფლიოს წამყვანი კორპორაციების წმინდა მოგებამ აპრილიდან ივნისამდე 995,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს კი მოხდა ძირითადად ჩინეთში პასიური ბიზნეს გარემოს გამო. ამის შესახებ წამყვანი იაპონური ეკონომიკური გაზეთი Nikkei იტყობინება.

მისი ექსპერტების გათვლებით, განსაკუთრებით დაზარალდნენ სხვადასხვა სახის პირველადი ნედლეულის, ქიმიური პროდუქტების, ელექტროსაინჟინრო და სატრანსპორტო კომპანიების მწარმოებლები. Nikkei თვლის, რომ ჩინეთში სისუსტის შენარჩუნების გამო, მსოფლიოს წამყვანი კორპორაციების შემოსავალი შეიძლება კიდევ უფრო დაზარალდეს წლის მეორე ნახევარში.

წმინდა შემოსავლის კლება დაფიქსირდა გლობალური ეკონომიკის 16 ძირითადი სექტორიდან 8-ში. ის შემცირდა დაახლოებით 40%-ით, მაგალითად, ნედლეულითა და ენერგიით ვაჭრობის კომპანიებში, მათ შორის ნავთობის წამყვან მოვაჭრეებში, აღნიშნავს Nikkei.

ამასთან, ამ პერიოდში, მისი გათვლებით, საგრძნობლად გაიზარდა ამერიკული მაღალტექნოლოგიური კორპორაციების მოგება საინფორმაციო სფეროში, ასევე წამყვანი ბანკების და სხვა ფინანსური კომპანიების. მათი წარმატება დიდწილად განპირობებული იყო აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში დაკრედიტების განაკვეთების ზრდით.

ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 2021 წელს ყველაზე მაღალი იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში და მიაღწია 8,4%-ს. თუმცა, ზოგიერთი უარყოფითი ფაქტორის, პირველ რიგში პანდემიის გავლენის გამო, 2022 წელს ის 3%-მდე დაეცა. ამასთან, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ჩინეთის მშპ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,5%-ით გაიზარდა.

კოკა კვირკველია