ერთ თვეში კომერციული ბანკების მიმართ 1604 საჩივარი დაიწერა - რა პრეტენზიები აქვთ მომხმარებლებს

წელს ივნისში, კომერციული ბანკების მიმართ 1 604 საჩივარი დაიწერა, რაც მცირედით ჩამორჩება, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2022 წლის ივნისში 1 738 პრეტენზია დაფიქსირდა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ივნისში მომხმარებლების მხრიდან ყველაზე მეტი საჩივარი მიმდინარე ანგარიშებსა და სამომხმარებლო სესხებზე დაიწერა.

უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით პრეტენზიების ხუთეული ასე გამოიყურება:

  • მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 694 განაცხადი;
  • სამომხმარებლო სესხი - 214 განაცხადი;
  • ინტერნეტბანკი – 137 განაცხადი;
  • საკრედიტო ბარათი - 98 განაცხადი;
  • იპოთეკური სესხები - 57 განაცხადი.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი - 549 განაცხადი ტრანზაქციებზე მოდის; შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება 523 განაცხადით, მე-3 ადგილზეა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები 178 განაცხადით და ა.შ.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ივნისში 1604 საჩივრიდან ბანკებმა 902 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 191 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 506 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 5-ის შემთხვევაში კი განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.

ნინი ქეთელაური